გიორგი მამალაძის საქმე

მამალაძე: მრავალი ცოდვის თანამდები ვარ, მაგრამ არა - მკვლელობის მცდელობის

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ კურიერს წერილი გამოუგზავნა. რუსთავი ორის კითხვებზე პასუხი დეკანოზმა ადვოკატების დახმარებით გასცა. 

"მრავალი ცოდვის თანამდები ვარ, მაგრამ ღმერთია მოწამე, არა - მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის, ვისთვისაც ასეთი რამ არ დაუბრალებიათ, მისთვის რთული წარმოსადგენია ჩემი განცდები, რთული შესაფასებელია ჩემი გადაწყვეტილებები" - აღნიშნავს დეკანოზი და შიმშილობის მიზეზებს განმარტავს.

"რატომ ვშიმშილობ? ამით ჩემს სულიერ ძმებს მინდა, შევახსენო - "არა ერთითა პურითა სცხონდების კაცი". ასევე, როგორც ჯვარცმულმა მაცხოვარმა მიმართა მამას - რად მიმატოვეო და მყისიერი პასუხი მიიღო მისგან, მეც მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენს სიყვარულს არ ძალუძს, დაძლიოს ყველანაირი წნეხი და ზეწოლა. ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება,  მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრელი სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი. რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ამას თავად შევძლებ ღვთის შეწევნით" - წერს მამალაძე.

კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ე.წ ციანიდის საქმის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს და რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი, ბრალდებული დეკანოზი პასუხობს - "მრავალი ვერსია შეიძლება, გამოითქვას. ჩემი აზრით კი, მან უბრალოდ, არ გაუშვა შანსი ხელიდან, წარმოჩენილიყო "გმირად", "საქართველოს მხსნელად". სამწუხაროდ, მისი ამბიცია და მავანთა მზაკვრული ინტერესები კარგად დაემთხვა ერთმანეთს. ღმერთმა შეგვინდოს ორივეს - მას მისი საქციელი, ხოლო მე - ჩემი წინდაუხედავობა" - ნათქვამია დეკანოზის წერილში.

მამა გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობას და ამ მიზნით ციანიდის ყიდვას ედავებიან.

კომენტარები