თამბაქო

ოცნების დეპუტატი: თამბაქოს კანონი იმ სახით უნდა მივიღოთ, რასაც მთავრობა გვთავაზობს

ტაბულა

საქართველოს პარლამენტი მსჯელობს კანონპროექტზე, რომელიც თამბაქოს მწარმოებლებს და მომხმარებლებს ახალ რეგულაციებს უწესებს. მთავრობას კანონპროექტი ზედმეტად მკაცრად მიაჩნია და მასთან დაკავშირებით პარლამენტში 17-გვერდიანი შენიშვნები გააგზავნა. ქართული ოცნების დეპუტატმა ილია წულაიამ ტაბულას განუცხადა, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ახალ კანონს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა არ უნდა ჰქონდეს.

"პირველი ამოსავალი წერტილია, რომ ეკონომიკური ზრდა არ შეფერხდეს, რა თქმა უნდა ჩვენი სურვილია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დავამკვიდროთ, თამბაქოს ნაკლები მომხმარებელი გვყავდეს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს პირველი პრიორიტეტია, რომ ეკონომიკურად მოვძლიერდეთ. რა თქმა უნდა თამბაქოს კანონი უნდა მივიღოთ, მაგრამ ეკონომიკაზე არავითარი ნეგატიური ზეგავლენა არ უნდა მოვახდინოთ. რა თქმა უნდა რა ცვლილებებსაც გვთავაზობს მთავრობა იმ სახით მივიღებთ კანონს", - ტაბულას განუცხადა წულაიამ.

გუშინ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თამბაქოს კანონის ახალ რეგულაციებს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არ უნდა ჰქონდეს.

გუგული მაღრაძის კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს გამყიდველთათვის და მომხმარებელთათვის აკრძალვები ასე გამოიყურება:

  • იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ იგი ხილვადია ობიექტის შიგნიდან ან გარედან.
  • პროექტით 30%-დან 65%-მდე იზრდება სამედიცინო გაფრთხილების ფართობი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე.
  • იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარების რეალიზაცია იმგვარად, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის.
  • იკრძალება თამბაქოს ახალი სახის ნაწარმის რეალიზაცია საქართველოში
  • იკრძალება შენობებში მოწევა
  • იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გათამაშების, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება.
  • იკრძალება თანხის გადახდა, ჯილდო ან სხვაგვარი წვლილის შეტანა საცალო მოვაჭრის საქმიანობაში, რომელიც გამიზნულია მათი მოტივირებისთვის გაყიდონ მეტი თამბაქოს ნაწარმი.
  • მთავრობის შეფასებით, აღნიშნული მასშტაბის რეგულაციები თამბაქოს ბიზნესზე მკვეთრად ნეგატიურად შეიძლება აისახოს. მთავრობის რეკომენდაციით, მსგავსი ტიპის კანონპროექტის შემუშავების პროცესში ბიზნესის პოზიციაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მთავრობას შენიშვნები იმ ნორმასთანაც აქვს, რომელიც შენობებში მოწევას კრძალავს. 

"კანონპროექტში არსბეული ჩანაწერი იძლევა ფართო განმარტების საშუალებას, რადგანაც შენობა-ნაგებობა შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი სახის დაწესებულებას, ასევე აივნებსა და ღია ტერასებს. ასევე სხვა პუნქტებს, სადაც ასეთი შეზღუდვის დაწესება მიზანშეწონილი არაა", - წერია მთავრობის დასკვნაში.

”ხილულად განლაგების აკრძალვის შემოღება მნიშვნელოვნად დააზარალებს ობიექტებს, რომლებიც აღნიშნული პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით ასეთი 10 000 სავაჭრო წერტილია, სადაც მხოლოდ პროდუქციის განლაგებაში ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონი ლარი იხარჯება. თამბაქოს პროდუქციით საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 22 000 ადამიანს აღწევს”, - წერია მთავრობის დასკვნაში.

კომენტარები