საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

მაკრონი და ლე პენი მეორე ტურში საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. უბნები ადგილობრივი დროით 20:00-ზე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს პოლიტიკური მოძრაობა En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ნაციონალისტი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. პირველ და მეორე ადგილებზე უმნიშვნელო სხვაობით გასულ მაკრონსა და ლე პენს, მესამე და მეოთხე ადგილებზე მოსდევენ პარტია დაუმორჩილებელი საფრანგეთის ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი და რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი.

მმართველი სოციალისტური პარტიის კანდიდატის, ბენუა ამონის რეიტინგი ერთნიშნა რიცხვებში იზომება.

ვერც ერთი კანდიდატი პირველ ტურში 50%-იან ბარიერს ვერ მიუახლოვდა. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

საფრანგეთის მოქალაქეები არჩევანს 11 კანდიდატს შორის აკეთებდნენ. 

არჩევნების წინ მომზადებული კვლევების თანახმად, შესაძლოა მაკრონს ლე პენთან პირველი ტური წაეგო, მაგრამ მეორე ტურში მას მეტოქესთან შედარებით ორჯერ მეტი ადამიანი უცხადებდა მხარდაჭერას. მეორე ტურში ფავორიტად სწორედ ემანუელ მაკრონი მიიჩნევა.

კომენტარები