კრიმინალი

სუს-მა თაღლითობის მცდელობისთვის ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობისთვის ორი პირი დააკავა. სუს-ის ცნობით, ბრალდებულები ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდნენ, რომ თითქოსდა ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში აუქციონის გზით დაბალ ფასში, კონკურენციის გარეშე 815 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში დაეხმარებოდნენ. მათ სანაცვლოდ, 10 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

"თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). 

კომენტარები