თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. ტერიტორია თბილსერვის ჯგუფმა დაასუფთავა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. "ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ. პირობები იგივე იქნება - პირველი 6 თვის მანძილზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან“,- აღნიშნა გიგა ნიკოლეიშვილმა.
მერიისვე ინფორმაციით, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს.
"გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ", - წერია მერიის განცხადებაში.