ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია

მთავრობა აორმაგებს ლიმიტს, რითიც 100 000-მდე ეკონომიკური დანაშაული დეკრიმინალიზდება

ტაბულა

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური დანაშაულის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციის პროექტი წარადგინა. პრემიერის თქმით, დღეს მოქმედი 50 ათასი ლარიდან, 100 ათას ლარამდე გაიზრდება ეკონომიკური დანაშაულის მოცულობა, რომელიც სისხლის სამართლის წესით დაისჯება. პრემიერის თქმით, ეს და სხვა ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესის კეთებას გაამარტივებს.

"ჩვენ გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ფინანსთა სამინისტროს გამოაქვს, ამ ცვლილებებზე იმუშავა ეკონომიკურმა გუნდმა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის დროს გიორგი გახარიამავ იმუშავა, საკმაოდ დიდი მოცულობითი სამუშაოა შეასრულებული და პაკეტი მოიცავს შემდეგ საკითხებს. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება, ასევე უქმდება სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავის შინაარსით საგადასახდო სამართალდარღვევას წარმოადგენს, მაგალითად ეს არის სასაქონლო ზედნადებთან, არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და სხვა",- ამბობს პრემიერი.

პრემიერი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის დადებით ეფექტებზე ერთ წელზე მეტია საუბრობს. ჯერ კიდევ 2016 წლის 18 იანვარს პრემიერმა განაცხადა - "ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პატიმრობები, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ დანაშაულს", თუმცა მთავრობას დღემდე ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ ჰქონდა გადადგმული.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობას გაცილებით უფრო ფართო დეკრიმინალიზაციის პროექტს ჰპირდებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს 500 ათას ლარამდე ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებობა.

კომენტარები