დანაშაულის სავარაუდო დაფარვა

ენმ: ირაკლი სესიაშვილის შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული, სავარაუდოდ, მიჩქმალეს

facebook.com/KvirikashviliOfficial

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილ დავით სესიაშვილის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის სავარაუდო დაფარვისთვის დეპუტატისა და საგამოძიებო უწყებებისგან განმარტებებს მოითხოვს.

ენმ-ის წევრის კოტე იოსელიანის ინფორმაციით, საქმე ეხება თბილისში მომხდარ ქურდობას, რა დროსაც ამოღებული სავარაუდო დამნაშავის თითის ანაბეჭდები სწორედ დავით სესიაშვილის ანაბეჭდებს ემთხვევა.

"სისხლის სამართლის საქმე N 00 60 50 31 50 05 აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გაუხსნელია. დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული - საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საექსპერტო-კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ცნო ვარგისად და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში.

მიმდინარე წელს, სპეცსამსახურს, კერძოდ სუს-ს, მუშაობის დაწყების სურვილით საქართველოს მოქალაქემ მიმართა. სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები, ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია.

ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისა და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა.

საუბარი ეხება მოქალაქეს, რომელიც გახლავთ პარლამენტის წევრის, თავდაცვისა  და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილს - დავით სესიაშვილს", - თქვა იოსელიანმა ბრიფინგზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაუყოვნებლივ მოითხოვს ირაკლი სესიაშვილის განმარტებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე,

"მოვითხოვთ საქართველოს გენერალური პროკურორისაგან, ირაკლი შოთაძისაგან განმარტებას ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე და ასევე ვითხოვთ მიმდინარე გამოძიების და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას;

მოვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისაგან, გაასაჯაროონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია;

მოვითხოვთ საქართველოს შს მინისტრისაგან გიორგი მღებრიშვილისგან დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შსს-ში არსებობს, როგორც სისხლის სამართლის საქმის N 00 60 50 31 50 05, ასევე დავით სესიაშვილის თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნის შესახებ", - თქვა იოსელიანმა ბრიფინგზე.

კომენტარები