დანაშაულის სავარაუდო დაფარვა

სესიაშვილი: მანქანა, რომლის ქურდობასაც ჩემს შვილს აბრალებენ, მისი მეგობრისაა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ნაციონალურ მოძრაობას პროკურატურაში უჩივის. სესიაშვილი პროკურატურისგან მოითხოვს იმის დადგენას, რომ მისი შვილი დანაშაულთან არანაირ კავშირში არ არის და ასევე, დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მის შვილთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები გამოთქვა. 

სესიაშვილის თქმით, მანქანა, რომლის ქურდობასაც მის შვილს ენმ აბრალებს, მისი შვილის ბავშვობის მეგობარს ეკუთვნის და ამიტომაც იყო ავტომობილზე მისი თითის ანაბეჭდები.

"ზოგადად, ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელია სიცრუის ტირაჟირება. ცილისწამება არის მათი პოლიტიკური სტრატეგია. თუმცა, ამ შემთხვევაში ისინი უკვე შეეხნენ ჩემს ოჯახს. გუშინ, ნაციონალურმა მოძრაობამ მტკიცებით ფორმაში განაცხადა, რომ ჩემს შვილს დანაშაულთან ჰქონდა კავშირი და სამართალდამცველებმა მიჩქმალეს ეს საქმე. ამიტომ, დღეს მივმართავ პროკურატურას, რომ ეს ფაქტი გამოიძიოს და საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს", - ამბობს სესიაშვილი.

ქართული ოცნების დეპუტატი ამ ფაქტს პოლიტიკურ ცილისწამებად აფასებს, რომელიც მის წინააღმდეგაა მიმართული.

"ნაციონალურ მოძრაობას, ალბათ, ვერც წარმოუდგენია, რომ მეგობრობა არსებობს და შეიძლება, მეგობრის მანქანას შეეხო ან მის მანქანაში ჩაჯდე. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცილისწამება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. მე ვერ გამიბედეს, გამოიყვანეს ვინმე იოსელიანი, რომლის ყველაზე დიდი პოლიტიკური მიღწევა მდგომარეობს იმაში, რომ ის თინა ბოკუჩავას ქმარია და ამით ყველაფერი ნათქვამია", თქვა პროკურატურაში შესვლამდე ირაკლი სესიაშვილმა.

საქმე ეხება ბრალდებას, რომლის თანახმადაც დეპუტატის შვილ დავით სესიაშვილის მიერ ჩადენილი ქურდობა საგამოძიებო უწყებებმა "მიჩქმალეს". 

ბრალდება გუშინ საგამოძიებო უწყებებმაც უარყვეს.

კომენტარები