გიორგი კვირიკაშვილი

ჭიაბერაშვილი: პრემიერმა ინვესტორებთან ჩაშლილ შეხვედრაზე განმარტება უნდა გააკეთოს

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ტაბულა

პრემიერს 25 აპრილს, ახლო აღმოსავლეთის ბიზნესმენთა დელეგაციასთან უნდა გაემართა შეხვედრა, დელეგაცია საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატამ მოიწვია. მთავრობამ ამ შეხვედრიდან ქვეყანაში სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მოხსნა მოითხოვა, ამ მოთხოვნის გამო კი შეხვედრა ჩაიშალა. თბილისის აეროპორტში კი ამ ბიზნესმენებს საქართველოს საზღვარზე რამდენიმე საათის მანძილზე არ უშვებდნენ. ინვესტორებთან ჩაშლილ შეხვედრასა და მათთვის საზღვარზე პრობლემების შექმნისთვის "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" მთავრობას განმარტებების გაკეთებას სთხოვს.

"იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ძირითადი პრობლემები საყოველთაო გაჭირვება, უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ეკონომიკური აქტივობაა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად, ფასების დასასტაბილურებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად," - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე უკიდურესად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეგვიპტის, ლიბანისა და კატარის საერთაშორისო სავაჭრო პალატების ხელმძღვანელებს, ავტორიტეტულ ბიზნესმენებს აეროპორტში, საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს, ხოლო პრემიერმა კვირიკაშვილმა მათთან და ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის სათავო ოფისიდან (პარიზი) ჩამოსულ სხვა სტუმრებთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

"ეს ფაქტი არ ნიშნავს მხოლოდ ახლა და ამ კონკრეტული ბისნესმენებიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას. ეს ნიშნავს ასეულობით სხვა პოტენციური ინვესტორისათვის იმის თქმას, რომ საქართველოში მათ არ მიესალმებიან, რომ საქართველო ბიზნესის კეთებისათვის არასაიმედო ქვეყანაა.

ევროპული საქართველო მოითხოვს პრემიერმა კვირიკაშვილმა გააკეთოს საჯარო განმარტება: იმ დროს, როდესაც მთავრობა თავად უნდა ცდილობდეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, რატომ ექმნებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ინვესტორებს პრობლემები და რატომ ზიანდება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები