NAFTA

ტრამპი მექსიკასა და კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აღარ გააუქმებს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი
Getty Images

დონალდ ტრამპმა "ჩრდილოეთ ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" (NAFTA) გაუქმება გადაიფიქრა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 23 იანვარს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება კანადასა და მექსიკასთან არსებული ვაჭრობის შეთანხმების გადახედვის შესახებ, თუმცა თეთრი სახლის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით ეს შეთანხმება აღარ გაუქმდება, თუმცა მასში ცვლილებები შევა.

1994 წელს ბილ კლინტონის მიერ ხელმოწერილი NAFTA აშშ-ს, კანადასა და მექსიკას თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი მას "ყველა დროის ყველაზე ცუდ სავაჭრო შეთანხმებად მოიხსენიებდა".

ტრამპმა NAFTA-ს ბედის შესახებ კანადისა და მექსიკის პრეზიდენტებთან გამართა დიალოგი. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, განახლებული ხელშეკრულება "ჩვენ სამ ქვეყანას უფრო ძლიერსა და უკეთესს გახდის".

ტრამპი გასული პერიოდის მანძილზე მექსიკას 20%-იანი იმპორტის ტარიფის დაწესებით ემუქრებოდა, რა თანხაც შემდგომში კედლის აშენებაზე უნდა დახარჯულიყო, თუმცა აღნიშნული მუქარა არ შესრულდა. 

მექსიკის ექსპორტის 80% აშშ-ზე მოდის, ამ გადასახადის დაწესება კი ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის რისკის ქვეშ აყენებს. აშშ-ში მექსიკის იმპორტის 2/3-ზე მეტი სინამდვილეში ამერიკული პროდუქციაა, რადგანაც მათ მექსიკაში ამერიკული კომპანიები ამზადებენ, შესაბამისად მექსიკისთვის ასეთი რეგულაციის დაწესება აშშ-ის ეკონომიკაზეც ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

დონალდ ტრამპმა 23 იანვარს ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის (TPP) წევრობაზე თქვა უარი, შექმნის შემთხვევაში ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი თავისუფალი სავაჭრო სივრცე იქნებოდა.

TPP-ის ჩამოყალიბებას 2015 წელს ხელი 12-მა სახელმწიფომ მოაწერა, ესენია: აშშ, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მექსიკა, მალაიზია, პერუ, სინგაპური, ჩილე, ბრუნეი, ახალი ზელანდია და ვიეტნამი. ორგანიზაციას ჩამოყალიბებისთვის წევრი ქვეყნების რატიფიკაცია ესაჭიროებოდა.

შეთანხმების მიღწევაზე ბარაკ ობამას ადმინისტრაცია 5 წლის მანძილზე მუშაობდა. ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებით, ეს შეთანხმება "დამღუპველი" იქნებოდა აშშ-ის ეკონომიკისთვის.

კომენტარები