გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: გაავრცელონ უწყვეტი ვიდეომასალა, მამალაძის დანაშაული არაფერში არ იკვეთება

მარიამ ტარიელაშვილი/Fb.com

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ითხოვენ, პროკურატურამ საჯარო გახადოს საქმეში არსებული მტკიცებულების - ვიდეოჩანაწერის სრული ვერსია.

"იმ ვიდეომასალაში მამა გიორგის დანაშაული არაფერში არ იკვეთება, პირიქით, ამ სამი თვის მანძილზე, ვითხოვ - გაუშვან თავიდან ბოლომდე, რომ საზოგადოებამ არ მიიღოს დაჭრილი ვიდეომასალა და არ იყოს შეცდომაში. ვიდეომასალაში რამე რომ იყოს მამა გიორგის საწინააღმდეგო, ამ სამი თვის მანძილზე ხომ არ ვიტყოდი, რომ გაეშვათ ეს კადრები?" - ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი, უსაფუძვლოს უწოდებს პროკურატურის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ანგარების მიზნით მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

"საპატრიარქოში მამა გიორგი დანიშნა პატრიარქმა და გაათავისუფლა პატრიარქმა, პატრიარქის ბრძანებით ხდებოდა ყველაფერი და შორენა თეთრუაშვილი მე მგონი, არ არის თანამდებობის პირი... ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ საპატრიარქოში ყველა დანიშვნა-გათავისუფლებას ახორციელებს მხოლოდ პატრიარქი, იმიტომ, რომ სასულიერო პირებთან დაკავშირებით შეხება აქვს პატრიარქს და არა საერო პირებს" - თქვა რამიშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმა. უწყების მტკიცებით, "დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან". პროკურატურის განცხადებით, 2016 წლის 4 იანვარს გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც გამოძიების ვერსიით, დეკანოზმა შორენა თეთრუაშვილს დაუკავშირა.

"გიორგი მამალაძე კარიერულ წინსვლად განიხილავდა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოში არსებული მაღალი თანამდებობის დაკავებას, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა საპატრიარქოს სტრუქტურაში არსებულ სამოქალაქო თანამდებობებზე დაენიშნა მასთან დაკავშირებული პირები და თანამდებობიდან გამომდინარე საკუთარი ზეგავლენა გაეზარდა. ამასთან, გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან. არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა" - აცხადებს უწყება და აღნიშნავს, რომ "მოპოვებული ვიდეოჩანაწერები არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, არის უწყვეტი, ავთენტური და მასზე ასახულია და საუბრობს სწორედ გიორგი მამალაძე".

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მამალაძის ბარგის დათვალიერებისას "ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს".

გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით, ციანიდის და გველის შხამის შეძენა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება უკვე დაასრულა. საქმე არსებითი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 მაისს გაიმართება.

კომენტარები