ეკონომიკური ზრდა

გახარია: გვესმის, რომ 5.3%-იანი ზრდა არაა ბევრი, ამიტომ გვაქვს 4-პუნქტიანი გეგმა

გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი გახარია
facebook.com/KvirikashviliOfficial

მთავრობა 2017 წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას გეგმავს. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა, მარტში კი 5.3%-ს შეადგენდა. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, "ყველას ესმის, რომ ეს ეკონომიკური ზრდა არ არის ბევრი", სწორედ ამის გამო სჭირდება ქვეყანას მთავრობის მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმა. 

"ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორების ბაზრებზე სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდა. მოთხოვნა გაიზარდა და ჩვენი მწარმოებლები უფრო მეტ საქონელს ყიდიან. რაც უფრო მეტ საქონელს ყიდიან, უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან. რაც უფრო მეტი მეტი სამუშაო ადგილი იქნება - იქნება მეტი დასაქმებული. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის 5.3%-იც არ არის ბევრი. სწორედ ამიტომ არის 4-პუნქტიანი გეგმა, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო სწრაფი და კიდევ უფრო მაღალი იყოს",- ამბობს გახარია.

მთავრობის 4%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს სკეპტიკურად უყურებს სავალუტო ფონდი. ფონდის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა იმაზე ნელა გაიზრდება ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა ვარაუდობს. ფონდი წელს საქართველოსთვის 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები