კვება სკოლებში

განათლების სამინისტროს რეკომენდაცია: სკოლაში აიკრძალოს შოკოლადის, ჩიფსის გაყიდვა

gatheringbeauty.com

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უწყება სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს. 

უწყება სკოლებს რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალონ წასახემსებლების - ჩიფსების, ე.წ. სუხარიკების, ჟელიბონების, კანფეტების, შოკოლადების და გაზიანი სასმელების გაყიდვა, მინერალური წყლის გარდა.

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში იკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროსვე მოსაზრებით, "ჯანსაღი საკვები ყოველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს, კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ, მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა. რეკომენდაცია შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან."

როგორც განცხადებაში წერია, ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო, სტუდენტების ჩართულობით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიასაც იწყებს - "სტუდენტები დაწერენ საკომუნიკაციო სტატეგიას ჯანსაღი კვებისთვის. სამინისტროს ჟიური შეაფასებს და მოწონებულ გუნდთან ერთად გაატარებს აქტივობებს, ამ აქტივობებში სტუდენტები მიიღებენ დამატებით კრედიტებს ან ჩაეთვლებათ პრაქტიკულ გამოცდილებაში".

კომენტარები