კონსტიტუციის პროექტი

საარჩევნო მათემატიკა - როგორ დათმო უმრავლესობამ ის მანდატები, რომლებიც არ დაუთმია

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

საქართველოს კონსტიტუციის პროექტით, უმრავლესობა უარს ამბობს წარსულში აპრობირებულ მეთოდზე, რომლითაც მმართველი პარტიები პარლამენტში დეპუტატთა დიდი რაოდენობის გაყვანას ახერხებდნენ. საუბარია მაჟორიტარების ინსტიტუტის გაუქმებაზე. ცვლილებების შემდეგ ქვეყნის 150-ივე დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა. მთავრობის მიერ ამ დათმობაზე წასვლის მიუხედავად, კონსტიტუციის პროექტის ჩანაწერი გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების შესახებ ამ "დათმობას" განსხვავებულად წარმოაჩენს, მეტიც ეს სინამდვილეში დათმობა საერთოდ არაა.

როგორ იმუშავა მაჟორიტარულმა სისტემამ ხელისუფლების სასარგებლოდ - 2016 წლის მაგალითი:

2016 წლის საპარლამენტო არჩევენბზე ქართული ოცნებისთვის ხმა ამომრჩეველთა 50%-საც არ მიუცია. პარტიამ 48%-იანი მხარდაჭერით 150-იან პარლამენტში 115 დეპუტატის გაყვანა შეძლო, აქედან 70 კი მაჟორიტარი იყო. 

თუ რომელიმე პარტიამ არჩევნებზე პროპორციული სისტემით ყველაზე მეტი ხმა მიიღო მაღალია შანსი, რომ მაჟორიტარული სისტემითაც მისმა კანდიდატებმაც თითქმის ყველა ოლქში გაიმარჯვონ. ქართულმა ოცნებამ ბოლო არჩევნებში 73-დან 70 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა, რის შედეგადაც მან მხარდაჭერასთან შედარებით არაპროპორციულად ბევრი მანდატი მიიღო, ამ გზით მან მანდატები პრაქტიკულად გაიორმაგა. მეორე ადგილზე გასულმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27% მიიღო, თუმცა მან პარლამენტში ოცნებასთან შედარებით არაპროპორციულად ცოტა დეპუტატი, მხოლოდ 27 წევრი გაიყვანა. 

როგორ აბალანსებს მმართველი ძალა "მაჟორიტარების დანაკარგს"

კონსტიტუციის პროექტით ამ "დანაკარგის" დასაბალსებლად კონსტიტუციის 37-ე მუხლი ასეთ ჩანაწერს აკეთებს - "გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო".

რა არის გაუნაწილებელი მანდატები და რატომ არის ის მნიშვნელოვანი:

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, როდესაც პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება იმ პარტიების ხმებიც გაითვალისწინება, რომლებმაც ზღვარი ვერ გადალახეს. ბარიერგადაულახავი პარტიების ხმებს ის პარტიები ინაწილებენ, რომლებმაც ზღვარი გადალახეს. 

საპარლამენტო არჩევნების შედეგი ასეთი იყო:

  • ქართული ოცნება - 48.7%
  • ენმ - 27%
  • პატრიოტთა ალიანსი - 5%
  • ლეიბორისტებისთვის, რესპუბლიკელებისთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის მიცემული ხმები დაიკარგა, ჯამში ბარიერგადაულახავი პარტიების ხმები - 20%

კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, ყველა ამ "დაკარგულ ხმას", ანუ გადაუნაწილებელ მანდატს გამარჯვებული პარტია წაიღებს. იმ შემთხვევაში თუ არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდებოდა  ასეთ შედეგს მივიღებდით:

  • ქართული ოცნება - 73 დეპუტატი, თუმცა მისთვის 30 გადაუნაწილებელი მანდატის დამატებით ის 103 დეპუტატს გაიყვანდა
  • ენმ - 40 დეპუტატი პროპორციული სისტემით
  • პატრიოტთა ალიანსი - 7 დეპუტატი პროპორციული სისტემით

1995 წლიდან დღემდე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, დაკარგული ხმების (იმ პარტიების პროცენტების ჯამის, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს) საშუალო მაჩვენებელი 20%-ია, ეს კი 30 მანდატს წარმოადგენს. ანუ ქართული ოცნება საშუალოდ ყოველ არჩევნებზე 30 მანდატით უფრო მეტ დეპუტატს გაიყვანს პარლამენტში, ვიდრე ეს მას პროპორციულად ეკუთვნის.

შეიძლება შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ დღევანდელ 115 დეპუტატთან შედარებით 103 ნაკლებია და საკონსტიტუციო უმრავლესობასაც არ წარმოადგენს, სინამდვილეში კი ასე არაა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის პროექტი საკონსტიტუციო უმრავლესობის 2/3-მდე შემცირებას ითვალისწინებს, ეს კი 100 დეპუტატია. ამ ცვლილებით ოცნებას 103 დეპუტატითაც შეეძლებოდა კონსტიტუციის შეცვლა.

 

კომენტარები