ტრანსფობია

ტრანსგენდერი ქალი: თავს დაგვესხნენ, პოლიციამ კი 2 ტრანსგენდერი ქალი დააკავა

metro.us

ტრანსგენდერი ქალის, მარია კასენკოს ინფორმაციით, დღეს ღამით ორი ტრანსგენდერი ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც უცნობმა პირებმა მათ საცხოვრებელ სახლს ქვები დაუშინეს, შემდეგ კი, კარის შემტვრევა სცადეს. 

"ტაბულასთან" საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად, მისი ორი მეგობარი ტრანსგენდერი ქალი ახლაც დაკავებულია, თუმცა მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

მარია კასენკოს ცნობით, გამოძახებულმა პოლიციამ მათ სათანადო დახმარება ვერ გაუწია, რადგან სახლის ირგვლივ მეზობლები შეგროვდნენ და პოლიციელებს თავდამსხმელების დაკავების საშუალება არ მისცეს. კასენკო ყვება, რომ ერთერთი ტრანსგენდერი ქალი იმის გამო დააკავეს, რომ ადვოკატის გარეშე შედგენილ ოქმს ხელს არ აწერდა. ხოლო რაც შეეხება მეორეს, კასენკოს ცნობით, პოლიციელმა ერთერთ თავდამსხმელს ურჩია, რომ თვითონაც ეჩივლა ტრანსგენდერი ქალისთვის და, შესაბამისად, მასზეც აღიძრებოდა საქმე. 

კასენკო ყვება, რომპოლიციელები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ტრანსგენდერი ქალები ძალის უხეში გამოყენებით დააკავეს. 

მარია კასენკო "ტაბულასთან" საუბრისას ამბობს, რომ შეკრებილი ხალხი ნელნელა დაიშალა. მისი ინფორმაციით, ნაწილი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება განცხადების დასაწერად, რომ ტრანსგენდერი ქალები ადგილიდან "გაიყვანონ". 

აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებიან უფლებადამცველები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი. 

"ტაბულა" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ვერ გვეტყვიან თავდამსხმელები დააკავეს თუ დაზარალებული ტრანსგენდერი ქალები. მათი თქმით, ამ ეტაპისთვის, ვერც იმას გვეტყვიან, სულ რამდენი ადამიანია დაკავებული.

შსს-ის ცნობით, დაკავებული პირების მიმართ საქმე აღძრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას.

ამასთან დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები