ავიაცია

აირზენა ახალ თვითმფრინავს - Boeing 737-ს ყიდულობს

flickr.com/photos/picturejohn64

ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი - აირზენა" ფლოტის განახლებას გეგმავს. ავიაკომპანიას მაისის მეორე ნახევრიდან ახალი Boeing 737-700 ეყოლება. ეს კომპანიისთვის მეექვსე თვითმფრინავი იქნება. 

აირზენა ახალ ავიალაინერს ლიზინგის მეშვეობით ყიდულობს. Boeing 737-700 -ის საბაზრო ფასი დაახლოებით $80 მილიონია, რის გამოც აღნიშნული გარიგება ქართული ავიაციის უახლეს ისტორიაში უმსხვილესია. კომპანიის ფლოტი ასე გამოიყურება:

  • Boeing 737-500 - 116 ადგილი
  • Boeing 737-700 - 132 ადგილი
  • ერთ CRJ100 - 50 ადგილი
  • სამი CRJ200 - 50 ადგილი

რამდენიმე დღის წინ აირზენა მთავრობაას დახმარებას სთხოვდა. კომპანიამ საკუთარ facebook გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველოს ბაზარზე არსებულ მსხვილ ავიაკომპანიებს დემპინგში ადანაშაულდებდა. კომპანია Turkish airlines-სა და აეროფლოტს "მონსტრებად" მოიხსენიებდა.

"როდესაც ქართულ ავიაბაზარზე მოღვაწეობენ ისეთი მონსტრი ავიაკომპანიები როგორებიცაა "აეროფლოტი", "თურქიშ ეარლაინსი" და ა.შ. და ისინი სწორედ, მათი ქვეყნების მთავრობების პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსებით ახერხებენ დემპინგური ფასებით ოპერირებას, ჩვენ მუდმივად გვიხდება მუშაობა არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში. უფრ მეტიც, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ისედაც სარგებლობენ შეღავათებით, საქართველოშიც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს"- წერია კომპანიის განცხადებაში.

დღეისთვის საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი Turkish airlines-ია, რაც პირველ რიგში იმას უკავშირდება, რომ საქართველო თითქმის ყველა მნიშვნელოვან ცენტრს ტრანზიტის მეშვეობით უკავშირდება, Turkish airlines-ი და სხვა ავიაკომპანიები კი მომხმარებლებს სწორედ ამ ტიპის ტრანზიტულ რეისებს სთავაზობს.

კომენტარები