ღამის მგლები

შსს: "ღამის მგლების" ერთმა წევრმა ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოსვლა შეძლო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ბაიკერთა კლუბის "ღამის მგლების" ერთმა წევრმა საქართველოში შემოსვლა მაინც მოახერხა. როგორც ტაბულას უწყებამ განუმარტა, აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, "ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ღამის მგლების" ჯგუფის წევრია.

შსს-ს ინფორმაციით, უწყებას არ ჰქონდა საფუძველი, აღნიშნული პირი საქართველოში არ შემოეშვა.

"სოციალურ ქსელში ე.წ. "ღამის მგლებთან" დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ გუშინ ღამით ბაიკერების - ე.წ. "ღამის მგლების" 50-იან კაციან ჯგუფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ. შსს კვლავ ინარჩუნებს ამ პოზიციას.

ამასთან, გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე, განვმარტავთ, რომ აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე და პერფორმანსამდე, "ღამის მგლების" ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, "ღამის მგლების" ჯგუფის წევრია.

აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად, მშვიდობიანი, ტურისტული ან ტრანზიტული მიზნებით, ათობით ბაიკერი კვეთს ქვეყნის საზღვარს. შესაბამისად, კონკრეტული მომენტისთვის შსს-ს არ გააჩნდა საფუძველი აღნიშნული პირის საქართველოში არშემოშვებისთვის. შსს იღებს ყველა ზომას, რომ ამ პირის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი ხასიათის ინციდენტს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კრემლის ბაიკერების ყოფნის ამსახველი ფოტომასალა ტაბულას მკითხველმა მიაწოდა. თუმცა, მისი თქმით, მან ორი პირი დაინახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. კრემლის ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს. 

 

მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ - ვინ არიან "ღამის მგლები"?

კომენტარები