ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

დოლიძე: დარწმუნებული ვარ, ასე თვითონ ჰერბერტ ზალბერიც არ ფიქრობს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ საკითხებში ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. დოლიძე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ჰერბერტ ზალბერის მიერ ანატოლი ბიბილოვისთვის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ე.წ არჩევნებში გამარჯვების მილოცვას გამოეხმაურა. 

"ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე [ევროკავშირში] ასე ფიქრობს. უფრო მეტსაც გეტყვით, მე დარწმუნებული ვარ, ასე თვითონ ზალბერიც არ ფიქრობს. არ ვიცი, რა კონტექსტში გაკეთდა ეს განცხადება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოვიძიოთ სწორად ეს ყველაფერი, კომისიასთან ვმუშაობთ, საელჩოსთანაც ადგილზე, მაგრამ არ მგონია, რომ ჰელბერტ ზალბერი სწორედ ამას გულისხმობდა. ამიტომ, უფრო აზრიანი, სწორი, უემოციო, ცივ გონებაზე გაკეთებული გადაწყვეტილებები და ემოციები უნდა გავაკეთოთ" - ამბობს დოლიძე.

ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში 16 მაისს შეხვდა, სადაც ის ჟენევის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად იმყოფებოდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასაგეგმად. ​შეხვედრაზე ჰერბერტ ზალბერმა ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

გუშინ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჰერმანის თქმით, ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს.

დღეს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი, შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებს ჩამოშორდეს და სხვა კანდიდატურით ჩანაცვლდეს. 

"ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება, შესაბამისი კომუნიკაცია შედგა ევროკავშირთან, არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, ლოგიკური გაგრძელება იქნება, ამ პროცესში მონაწილე კონკრეტული პირი ჩანაცვლდეს სხვა კანდიდატურით. იმიტომ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის მისი ასეთი პოზიცია", - აღნიშნა გიორგაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, იმედია, ევროკავშირს შესაბამისი რეაგირება ექნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: კილოობით ნარკოტიკი მაღალტემპერატურულ ღუმელში გავანადგურეთ

კომენტარები