ჯორჯიან მანგანეზი

ჯორჯიან მანგანეზი: ქარხანა შეიძლება გაჩერდეს, სპეც. მმართველი არაკომპეტენტურია

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საქართველოს მთავრობამ ნიადაგის დაბინძურების მოტივით, ქვეყნის უმსხვილეს მეტალურგიულ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველი დანიშნა. მთავრობამ 11 მაისს თანამდებობიდან გადააყენა მოქმედი დირექტორი ვოლოდიმირ ლოზინსკი და მის ნაცვლად დირექტორად დანიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანი. ჩიქოვანი ქარხანას მასში ამერიკული მენეჯმენტის შესვლამდე ხელმძღვანელობდა. საგანგებო მმართველი სასამართლომ 3 წლის ვადით, 2020 წლის 11 მაისამდე დანიშნა.

"ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელი ამერიკული კომპანია "Georgian American Alloys"-ის შეფასებით, მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ქარხნის ექსპროპრეაციას გეგმავს. დღეს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათვამია, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნამ ქარხნის პარალიზება გამოიწვია.

ჯორჯიან მანგანეზის განცხადება სპეციალური მმართველის დანიშვნაზე:

"11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ჯორჯიან მანგანეზში" მოვლენილი ე.წ. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებაში გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაც. სხვა და სხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მართვის კომპიუტერული სისტემები მუშაობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რაც მთლიანად საფრთხეს უქმნის კომპანიის ჯეროვნად ფუნქციონირებას.

ჩვენი მხრივ ვადასტურებთ, რომ ამა წლის 17 მაისს, ამერიკული კომპანიის ჯი-ეი-ეი-ს ქართული აქტივების მმართველი კომპანიის Georgian American Alloys-ის წარმომადგენელი ესაუბრა შ.პ.ს. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელს და შესთავაზა დახმარება სავარაუდო პრობლემის აღმოფხვრაში. სამწუხაროდ, შ.პ.ს. "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა დახმარებაზე.

Georgian American Alloys-ის მენეჯმენტი საჯაროდ გამოვხატავს მზადყოფნას ჩაერთოს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ საწარმოების სრული პარალიზება"- წერია განცხადებაში. 

ქარხნის მფლობელი ამერიკული კომპანია Georgian American Alloys 16 მაისს გაკეთებული განცხადებით აღნიშნავდა, სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი დაახლოებულია Georgian American Alloys-ის 4%-ის მფლობელ ქართულ ჯგუფთან, რომელიც კომპანიას წარსულში მართავდა. კომპანია განცხადებაში მიუთითებდა, რომ რუსთავი 2-ის, ყაზტრანსგაზის, ვანო მერაბიშვილისა და სხვა საქმეების შემთხვევაში ქართულმა სასამართლომ ვერ აჩვენა დამოუკიდებლობის ხარისხი. 

"ჩვენ გავხდით მსხვერპლნი ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არ მოიაზრება არც საქართველოს კანონმდებლობაში, არც საერთაშორისო სამართალში და არც საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში", - ნათქვამია კომპანიის ამერიკული მენეჯმენტის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები