სეტყვა

დელტა: სეტყვის შესაჩერებლად 230 რაკეტა გავისროლეთ

0 კომენტარი

სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების ოპერატორი კომპანია დელტა კახეთში მომხდარ სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, მათ 20 მაისს 3.7 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლებში 230 რაკეტა გაისროლეს. კომპანია აღნიშნავს, რომ ამ რაკეტების გასროლა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგანაც ამ დროისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე გადატვირთული იყო.

"რაკეტების სროლები მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან გაუარესებული ამინდის გამო საჰაერო სივრცე საფრენი აპარატებით იყო გადატვირთული, რაც რაკეტების დროულად გასროლის შემაფერხებელი ფაქტორია. სისტემის მართვის ცენტრის მიერ დღის 11:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან დიდი ფართობის მქონე ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა დაფიქსირდა. ღრუბელმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონები.

მეტეოროლოგიური რადიოლოკატორიდან მიღებული მონაცემების მიხედვით სეტყვის ალბათობა 100 % იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40-50 მმ. პროცესებს თან დაერთო ადგილობრივად შიდამასიური ღრუბლის მასების ფორმირებაც, რაც სეტყვასაშიში პროცესების დამატებით გაძლიერების წინაპირობაა.

აქტიური ზემოქმედების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული სეტყვასაშიში ნალექის არსებულ მასშტაბებში ლოკალიზება და მისი შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება.
ნალექის მასა აღნიშნულ ექვს რაიონში წვიმის და ნაწილობრივ სეტყვის სახით ჩამოიცალა", - წერია კომპანიის განცხადებაში.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ გლეხებს „ვერ და არ დაეხმარება“.

“სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინები, არ იქნება არანაირი კომპენსაცია. მაშინ, როდესაც აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ასეთი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია. მილიონობით ზარალის ანაზღაურების ფუფუნება ბიუჯეტს არ აქვს.”,- ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო დაიტბორა სახლები და განადგურდა მოსავალი. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით შიდა ქართლი დაზიანდა, მთლიანობაში კი 38 ათასი ჰექტარი დაზიანდა.
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები