ავარია

დეპუტატის შვილის ავარიის საქმეზე პოლიციის ორი ხელმძღვანელი თანამდებობიდან მოხსნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე შიდა ქართლის საპატროლო პოლიციის ორი ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ცნობისთვის, 17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარ ავარიას, 21 წლის ბექა ხახუბიას სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიას წინ პოლიციის მიერ ხახუბიას დევნა უძღვოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე ორივე მათგანი კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. შსს-ს განმარტებით, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

17 მაისს, გორის გვირაბიდან გამოსული ბექა ხუხუბიას მანქანა, რომელიც გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა, გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. საქმეს პროკურატურა იძიებს და მასში სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან გარკვეული დარღვევები იკვეთება.

რუსთავი 2-თან საუბარში ტრაილერისა და ევაკუატორის მძღოლები ამბობენ, რომ მათ პოლიციამ გორის გვირაბთან ჩქაროსნული მაგისტრალი გადააკეტინა. რასაც მალევე ტრაილერთან გვირაბიდან გამოსული BMW X6-ის ავტომობილის შეჯახება მოჰყვა. ავარიის შედეგად საჭესთან მყოფი 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა. მათი თქმით, გვირაბიდან გამოსული მძღოლი, რომელიც გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა, შეჯახების არიდებისთვის დროულად დამუხრუჭებას ვერ მოასწრებდა.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას თქმით, დიდი სიჩქარით მოძრავ ბექა ხახუბიას საპატრულო ეკიპაჟი გორთან აედევნა. მძღოლი პოლიციის მოთხოვნას ავტომობილის გაჩერების შესახებ არ დაემორჩილა და გზა განაგრძო, თუმცა მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სამართალდამცავები დევნას არ წყვეტდნენ, ის ხაშურის ცენტრში მოტრიალდა და თბილისისკენ დაიძრა. ზვიად კუპრავას მტკიცებით, ურჩი მძღოლის შესაჩერებლად საპატრულო პოლიციამ გორის გვირაბის გამოსასვლელთან გზა ტრაილერით ჩახერგა, რითიც საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და კანონი უხეშად დაარღვია. 

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები