ევროპული საქართველო

ხოშტარია: ჩემი გამარჯვება იქნება მხოლოდ მაშინ, როცა გავამართლებ გულწრფელ ნდობას

ელენე ხოშტარია

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას თქმით, ის იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე. ხოშტარიამ დღევანდელი ყრილობის დელეგატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ხალხმა დაკარგა პოლიტიკოსების ნდობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოვიპოვოთ ხალხის ნდობა. პოლიტიკა იქცა სხვებზე ნადირობის, დაკნინების, ტყუილის ხელოვნებად. პოლიტიკოსებს ჰგონიათ, როცა პროგრამებს ლამაზად შეფუთავენ და მოინადირებენ ხმას, ეს არის გამარჯვება. ჩემი გამარჯვება არ იქნება ხმების მონადირება, ჩემი გამარჯვება იქნება მხოლოდ მაშინ, როცა შევიძენ გულწრფელ თანამოზრეებს, ნამდვილ მხარდამჭერებს და როდესაც გავამართლებ გულწრფელ ნდობას" - განაცხადა ხოშტარიამ.

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის თქმით, ის არ აპირებს დღევანდელი მთავრობის სისუსტეზე ლაპარაკს.

"ჩვენ ეს არაფერს არ გვმატებს, ჩვენი ძალა არის არა სხვის მარცხში, არამედ ჩვენს რწმენაში, იდეებსა და შეთავაზებებში.

ჩვენი კამპანია არ უნდა იყოს კინკლაობა და ვიღაცის დაკნინება. ჩვენი კამპანია უნდა იყოს კონკრეტული პრობლემების კონკრეტული შეთავაზებები და პრობლემების გადაწყვეტის გზები. როგორ არ ეშინოდეთ პენსიონერებს სიბერის, როგორ შეძლონ ახალგაზრდებმა თავიანთი ნიჭის რეალიზება, როგორ მოხდეს ისე, რომ შშმ ადამიანებმა, ბოლოსდაბოლოს, თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, როგორ მოხდეს ისე, რომ უმცირესობებს (არასდროს არ მოვერიდები ამ თემაზე საუბარს, რადგან არც ერთი დაჩაგრული ჯგუფი ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა იყოს) არ ეშინდოეთ გარეთ გამოსვლის, იმიტომ, რომ მათ თავს დაესხმებიან, ეს არის მთავარი ამოცანა და არა ვიღაცასთან ჯიბრი და კინკლაობა" - განაცხადა ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს ძალა წარსულის გულწრფელ გააზრებაშია.

"ხშირად მეუბნებიან, რომ წარსულზე არ უნდა ვისაუბროთ. ეს არასწორია. ჩემთვის პრციოულად მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიაზროთ წარსულის შეცდომები, სხვანაირად, ვერ გამოვასწორებთ მათ და ვერ შევქმნით მომავალს, რომლისაც სჯერა ჩვენს მოსახლეობას.

დღეს მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ვიბრძოლო ქალაქის მერობისთვის. არ მინდა, ქალაქის მმართველობა იყოს პოლიტიკური ბრძოლის, კინკლაობის ველი. მთავარია, რომ მერი ემსახურებოდეს მოსახლეობას, ანგარიშს აგებდეს მოსახლეობის და არა რომელიმე ერთი ჯგუფის, პარტიის ან თუნდაც ნებისმიერი ერთი ადამიანის წინაშე. ამიტომ, მე ვდებ გულწრფელ პირობას, რომ ერთადერთი, ვის წინაშეც მე ვიქნები ანგარიშვალდებული, ეს არ იქნება არც პარტია, არც არავინ, ეს იქნება ხალხი. და ვერც ბიურაკრატიული კედლები, ვერც დაბურული შუშები, ვერც მიუწვდომელი კაბინეტები ვერ ჩადგება ჩვენ შორის" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ევროპული საქართველოს ყრილობა სპორტის სასახლეში ერთ საათზე მეტია, მიმდინარეობს. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს, გენერალურ მდივნად - გიგი უგულავა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დასახელდა.

კომენტარები