სტრასბურგის სასამართლო

რამდენიმე ფაქტი სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველ ხუთ კანდიდატზე

სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ 68 მსურველიდან 5 კანდიდატი შეარჩია, რომელთაც მთავრობას წარუდგენს. მთავრობა მათგან 3-ს გამოარჩევს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტს წარუდგენს, რომელიც საბოლოოდ ერთ კანდიდატს აირჩევს.

დღეისათვის კი 5 კანდიდატია ცნობილი. რამდენიმე ფაქტი მათ შესახებ:

ლადო ჭანტურია - 5 ქულა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩია 2014 წლის 19 თებერვლიდან. ის 1997-2004 წლებში საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი იყო, 1998-99 წლებში იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1999-2004 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჭანტურია 2004-2013 წლებში საზღვარგარეთ სხვადასხვა უნივერსიტეტში მუშაობდა.

სოფიო ჯაფარიძე - 4.69 ქულა

პრემიერმინისტრის მრჩეველია ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ის მანამდე მუშაობდა ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მენეჯერად, ასევე, სასჯელაღსრულების და პრობაციის იმჟამინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის მოადგილედ.

შოთა გეწაძე - 3.85 ქულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ის 2011-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2011 წელს შოთა გეწაძემ ძალაში დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ამჟამად გეწაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. ის ბოლო დროს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას უჭერდა მხარს.

თამარ ალანია - 3.77 ქულა

ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ის 2006-2016 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. ალანია ამბობდა, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა. ასევე თვლიდა, რომ მას შემდეგ, რაც ლევან მურუსიძე გახდა იუსტიციის საბჭოს მდივანი, სასამართლოს ნდობისა და დამოუკიდებლობის ხარისხმა აიწია.

ირაკლი დონდოლაძე - 3.69 ქულა

პროკურორი. სწორედ ის იყო პროკურატურის წარმომადგენელი საფრანგეთში, ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის პროცესზე, სადაც მის ექსტრადიციაზე მსჯელობდნენ. საბოლოოდ ექსტრადიციაზე უარი ითქვა.

კომენტარები