სტრასბურგის სასამართლო

ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე - ევრომოსამართლეობის კანდიდატები

სტრასბურგის მოსამართლეობაზე სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ხუთი კანდიდატიდან მთავრობამ სამი აირჩია. ესენი არიან ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე. 

სამკაციან სიას საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს ამ თვეში წარუდგენს, საიდანაც ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთ-ერთ კანდიდატურას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეარჩევს. 

ლადო ჭანტურია - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩია 2014 წლის 19 თებერვლიდან. ის 1997-2004 წლებში საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი იყო, 1998-99 წლებში იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1999-2004 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჭანტურია 2004-2013 წლებში საზღვარგარეთ სხვადასხვა უნივერსიტეტში მუშაობდა.

სოფიო ჯაფარიძე - პრემიერმინისტრის მრჩეველია ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ის მანამდე მუშაობდა ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მენეჯერად, ასევე, სასჯელაღსრულების და პრობაციის იმჟამინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის მოადგილედ.

შოთა გეწაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ის 2011-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2011 წელს შოთა გეწაძემ ძალაში დატოვა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ამჟამად გეწაძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. ის ბოლო დროს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას უჭერდა მხარს. გეწაძემ რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაასახელა, რომელიც შემდგომ იუსტიციის საბჭომ აირჩია.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა. იუსტიციის სამინისტრომ განაცხადების მიღება გაახანგრძლივა, რის გამოც ეს პროცესი მარტის ნაცვლად, აპრილში დასრულდა. საბოლოოდ, მოსამართლეობის სურვილი 68 პირმა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობას კანდიდატების შერჩევა მეორედ მოუხდა, რადგან პირველად არჩეული კანდიდატები ევროსაბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა დაიწუნა.

კომენტარები