აფგან მუხთარლის საქმე

პრემიერი: მინდა ვთხოვო პრეზიდენტს, მუხთარლის ოჯახის წევრებს მოქალაქეობა მიანიჭოს

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

პრემიერმინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს თხოვნით, რომ მუხთარლის მეუღლესა და მის შვილებს მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. 

"მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა," - წერია განცხადებაში. 

ამასთან, პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მზადაა, მიმართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრომ მუხთარლის ოჯახს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს. 

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ვითარება ქვეყნის იმიჯს აზიანებს და ეს მისთვის აბსოლუტურად დაუშვებელია.

"მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. სწორედ ამიტომ, სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის,"- აცხადებს კვირიკაშვილი.

პრემიერის განცხადებითვე, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავს ადამიანის უფლებებს. 

"ჩვენ არაფრის ფასად დავთმობთ ამ მონაპოვარს და კვლავ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს,"- ვკითხულობთ განცხადებაში. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები