აფგან მუხთარლის საქმე

მუხთარლის ცოლი: საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ დავთანხმდები

ლეილა მუსტაფაევა
ტაბულა

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ცოლი პრემიერმინისტრის შეთავაზებაზე, რაც შეიძლება სწრაფად გადაეცეს მას და მის შვილებს საქართველოს მოქალაქეობა, უარს ამბობს. 

ლეილა მუსტაფაევასთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, როდესაც ერთი წლის წინ საქართველოში ცხოვრების უფლება მოითხოვა, ის უარით გაისტუმრეს, რადგან "სახიფათო საქმეებით" იყო დაკავებული.

"საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ დავთანხმდები, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა ვთქვა, რაც არ მინდა. ერთი წლის წინ ცხოვრების უფლება მოვითხოვე და მაშინ მიპასუხეს, რომ თქვენ სახიფათო საქმეებით ხარ დაკავებულიო და უარი მითხრეს. ახლა შეიცვალა რამე? აღარ ვარ საშიში? დიდი თხოვნა მაქვს, რომ ჟურნალისტის გატაცების ამბიდან შოუს ნუ დადგამენ, უმჯობესია სამართალდამცავებმა საქმე სათანადოდ გამოიძიონ,"- ამბობს მუსტაფაევა.

პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა და საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, მიმართა, რომ მუხთარლის მეუღლესა და მის შვილებს მაქსიმალურად მოკლე ვადაში მინიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეობა. 

ზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები