მუხთარლის ადვოკატებმა საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. ამ მოთხოვნით ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა უწყებას უკვე მიმართა.

"კანონის შესაბამისად, როდესაც შესაძლებელია, დანაშაული ჩადენილი ჰქონდეს პოლიციის თანამშრომელს, საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურა. ამაზე კეთდებოდა კონკრეტული განცხადებები. შემდგომში უკვე კონკრეტული ფაქტებიც გახდა ცნობილი, რომ აფგან მუხთარლი ფორმიანმა ადამიანებმა გაიტაცეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. სწორედ აქედან გამომდინარე, არსებობდა სრული საფუძველი, რომ ეს საქმე გამოეძიებინა მთავარ პროკურატურას", - თქვა ადვოკატმა.

მუხთარლის მხარე ასევე საქმის მასალების გაცნობას ითხოვს. ადვოკატის თქმით, თუ პროკურატურა საქმის მიღებაზე უარს იტყვის, არსებული კითხვები უფრო ლეგიტიმური გახდება.

მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ამჟამად ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო იძიებს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები