საკონსტიტუციო ცვლილებები

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერება, რომ მიწა უცხოელზე არ გასხვისდება

საქართველოს პარლამენტი

"კონსტიტუციური ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე. ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს" - რამდენიმე წუთის წინ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ჩანაწერის ძალაში შესვლის შემთხვევაში, უცხოეთის მოქალაქეებს დაეკარგებათ საკუთრების უფლება, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწები.

კობახიძის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვებზე მოსახლეობის მიერ დაფიქსირებული პოზიცია გახდა. 

ქართული ოცნების მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ამ დროისთვის სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი არსებობს - "მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი".

ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღის წინ წარადგინა ამ ორგანული კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოელს ქვეყანაში სასოფლო დანიშნულების მიწის შეძენა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში, გამგეობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეეძლება. კობახიძის თქმით, აღნიშნული მოდელი იარსებებს იქამდე, სანამ კონსტიტუციის განახლებული ჩანაწერი შევა ძალაში, მის შემდგომ კი, უცხოელებს სასოფლო დანიშნულების მიწების შესყიდვა სრულად აეკრძალებათ.

კომენტარები