გატაცება

ბიზნესმენი, რომლის გამტაცებლებიც გუშინ დააკავეს, "სვეტის" დირექტორი გივი ჯიბლაძეა

ბიზნესმენი, რომლის გატაცებისთვის გუშინ, სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია სვეტის დირექტორი გივი ჯიბლაძეა.

რ2-თან საუბარში ჯიბლაძე გატაცებას მის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი გამტაცებელი მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლის ახლობელია. ბიზნესმენის თქმით, გატაცება ზურაბ წერეთლის დაგეგმილი არ არის.

"ერთ-ერთო გამტაცებელი ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირი - გიორგი ნიჟარაძეა. ჩვენ წელიწადნახევარი ვიცნობდით, როგორც გიორგი ნიჟარაძეს, თუმცა ყოფილა კახაბერ ბახტაძე.ბაკურიანში ვაკეთებთ პროექტს. ეს მიწა იყო ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის, გამტაცებლები მისი წარმომადგენლის ახლობლები არიან. ასეთი პირობები გვქონდა, რომ უნდა მიგვეცა აშენებულ ფართში რაღაც კონკრეტული ნაწილი, მაგრამ, ბოლო მომენტში, ამ ადამიანმა მოითხოვა თანხა - 150 000. ჩავწერეთ კონტრაქტში, რომ ეს უნდა მიგვეცა მშენებლობის ნებართვიდან სამი თვის ვადაში. მშენებლობის ნებართვა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა", - ამბობს ბიზნესმენი და აღნიშნავს, რომ გატაცებამდე ამ პირებს კომპანიის ფულის მითვისება სურდათ.

სპეცოპერაცია კრიმინალურმა პოლციამ გუშინ ჩაატარა. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალად გამოძალვა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები