რეპერების დაკავება

კანდელაკი: კალაძემ პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბირჟა მაფიას წევრების დაკავებას გამოეხმაურა. მან გააკრიტიკა ვიცეპრემიერი კახა კალაძე, რომელმაც, კანდელაკის თქმით, პროტესტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადა.

"სულ რამდენიმე დღის წინ ყველამ ვიხილეთ ახალგაზრდების სამართლიანი პროტესტი, მუსიკოსებისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებასთან დაკავშირებით. ასევე ვიხილეთ, როგორ შეეცადა ვიცეპრემიერი კახა კალაძე, დიდი ალბათობით ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, მუსიკოსებისთვის ნარკოტიკის ჩადების გამო გამოწვეული პროტესტის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგრამ ჩვენი საზოგადოების მეხსიერება არ არის მოკლე - კარგად გვახსოვს 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, როცა ხმის უფლების მქონე დელეგატს ჩაუდეს ნარკოტიკი იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინათ არჩევნების შედეგზე. ეს დელეგატი, გობეჯიშვილი გაათავისუფლეს სწორედ არჩევნების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე ამის ორგანიზატორად მიიჩნევს ბატონ კახა კალაძეს.

ასევე, კარგად გვახსოვს, ბატონი კახა კალაძის თბილი და ახლო დამოკიდებულება ქურდულ სამყაროსთან. რად ღირს თუნდაც კანონიერი ქურდის რემენას აეროპორტიდან გაუჩინარების ისტორია ისე, რომ მას სახელმწიფო საზღვარიც არ გადაუკვეთია. კამერებმა დააფიქსირეს გახსოვთ, ირმა ნადირაშვილის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია თავის დროზე, რომ ეს კანონიერი ქურდი აეროპორტიდან სწორედ ბატონი კალაძის ბიზნესპარტნიორმა გამოიყვანა.

არც კორცხელი დაგვიწყებია და ბატონი კალაძის როლი იმ ძალადობრივი, ექსტრემისტული დაჯგუფების ორგანიზებაში, რომელმაც გააჩაღა ძალადობა კორცხელში.

როცა პრემიერმინისტრი ბატონი კვირიკაშვილი წუხს პოლიციის ავტორიტეტზე, სჯობია, მან ჰკითხოს ზემო ეწერის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს, რამდენად დაცულად გრძნობენ პოლიციის ავტორიტეტს მთავრობისგან, როცა კორცხელის ძალადობიდან 1 წლის შემდეგაც არ არიან დასჯილი ის პირები, ის კრიმინალები, რომლებმაც სცემეს პოლიციის ოფიცერს, რომელიც მუშაობდა ამ განყოფილებაში. ბატონ კვარაცხელიას.

ასე რომ, ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როცა მავანი შეიძლება, დაუსჯელი იყოს ფორმიანი პოლიციელის ცემის შემთხვევაშიც კი და დაისაჯოს თუკი მთავრობას არ მოეწონება მისი სიმღერა. აქედან საბჭოთა კავშირამდე, უბრალოდ, ერთი ნაბიჯია", - მიმართა კანდელაკმა დეპუტატებს.

კომენტარები