საკონსტიტუციო მონარქია

რას ამბობენ მმართველი გუნდის წევრები საკონსტიტუციო მონარქიაზე

მმართველი გუნდის წარმომადგენლები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ინიციატივას ეხმაურებიან. ილია მეორეს თქმით, კონსტიტუციური მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს.

„რაც ბრძანა პატრიარქმა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის, ჩვენი სპეციფიკა, ადგილობრივი სპეციფიკა.“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

“ეს ისეთი საკითხია, რომელსაც სრული ეროვნული თანხმობა სჭირდება. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ პატრიარქის ინიციატივა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. მეორე რიგში, უნდა ვთქვათ, რომ მთელმა ქართველმა ხალხმა და ერმა უნდა მიიღოს ასეთ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა. ჩვენი, როგორც მთავრობის პოზიცია იქნება ქართველი ხალხის ნებიდან გამომდინარე. „ - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

„ამ თემასთან დაკავშირებით პირადად მე ნამდვილად პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ ემოციური შინაარსიდან გამომდინარე - ჩემთვის ამ საკითხს მხოლოდ ემოციური საწყისი არა აქვს. ეს არის დაკავშირებული სავსებით პრაგმატულ ხედვასთან. საკონსტიტუციო მონარქიის ახლა ამოქმედება რეალურად არ მეჩვენება, რადგან თვითონ მეფის გვარი, მეფის ოჯახი, სამეფო სახლი ჯერ ისე არ არის ჩამოყალიბებული და მომზადებული, რომ რეალური კანდიდატურა წარმოადგინოს. ალბათ დიდი დრო დაჭირდება, მაგრამ ახლავე თუ პოზიტიური განწყობა დაითესება, ურიგო არ იქნება.“ - ამბობს გია ვოლსკი ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

„ჩვენ კამპანიის დროს ძალიან ბევრ ადამიანთან გვქონდა ურთიერთობა და არ დაგიმალავთ, ერთ-ერთი საკითხი ესეც იყო. ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს საკონსტიტუციო მონარქიაზე გადასვლას. ისე არ არის, რომ გამოვა ტაბულა და მოუნდება, რომ თავისი აზრის დომინანტობა იყოს. ესე არ არის, ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს ეს იდეა და დიდი ხანია ეს აზრი საზოგადოებაში დომინირებს, მოყოლებული საბჭოთა კავშირიდან.“ - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია პირვეის ეთერში.

„ეს ძალიან სინტერესო იდეაა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს დაფიქრებას განსჯას გაანალიზებს, როგორც წარსულისა და აწმყოს კონტექსტში. თუ გვაითვალისწინებთ იმ ქვეყნებს რომლებსაც აქვთ კონსტიტუციური მონარქია და სადაც არსებობს მონარქის ინსტიტუტი როგორი ტიპის სტაბილურობა აქვთ ამ ტიპის ქვეყნებს. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას და მის სპეციფიკას ეს არის იდეა, რომელიც უთუოდ იმსახურებს ანალიზს.“ - ამბობ ეკა ბესელია.

„დღეს შეიძლება კონსტიტუციური მონარქიისთვის, ქვეყნის ასეთი მოწყობისთვის მზად არ ვიყოთ, მაგრამ სამომავლო, შედარებით შორეულ პერსპექტივაში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შესაძლოა ეს საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილოს, მით უმეტეს, როდესაც ამას პატრიარქი საკუთარ ქადაგებაში მეორედ ახსენებს. საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენამ შესაძლებელია გარკვეული განსაკუთრებულობა, ინდივიდუალიზმი და ხიბლი შესძინოს ქვეყანას ბევრი თვალსაზრისით.“ - ამბობს მამუკა მდინარაძე ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

„ხუმრობით რომ გითხრათ, როგორც "შერეკილებში" ამბობს ერთაოზი - ამაზე ჯერ არ მიფიქრია, ბატონო, ვალები მაქვსო, მეც დაახლოებით ასეთ დღეში ვარ - ამაზე ჯერ არ მიფიქრია. მაგრამ რადგან პატრიარქმა ბრძანა, მე ვარ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და ამასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება სუბიექტური იქნება, ეს ვერ იქნება პოლიტიკოსის ობიექტური განცხადება, იმიტომ, რომ ჩემი სულიერი მამის განცხადება ჩემთვის არის საფიქრალი და დავფიქრდები ამაზე. სხვა დროს მონარქიის აღდგენაზე არ მიფიქრია. უპირობოდ მისაღები რომ ყოფილიყო, არც დავფიქრდებოდი. რადგან პატრიარქმა ბრძანა, მიმაჩნია, რომ უნდა ვიფიქროთ ამაზე და დანარჩენს, როგორც საზოგადოება, ხალხი, პატრიარქი და თავად უფალი გადაწყვეტს, ისე იქნება.“ - ამბობს ენძელა მაჭავარიანი.

„პატრიარქს რომ არაფერი ეთქვა, ნუთუ იმას მაინც არ უნდა დავუკვირდეთ, როცა კონსტიტუციაზე ვმჯელობთ და რატომღაც მივიჩნევთ რომ ის თუ ეს რეჟიმი საქართველოს გააბრწყინებს, ვივიწყებთ რომ ერთადერთმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს საუკუნოვანი სახელმწიფოებრივ მგრადობა, გაბრწყინება და გაერთიანება ... საპარლამენტოს გამოცდილება პრაკტიკულად არ გაგვაჩნია და პარლამენტს მართავს პარტიები, რომლის ნდობა ნულზეა, პრეზიდენტებმაც ვერ გაამართლეს იმედები და დაგვიტოვეს დაკარგული ტერიტორიები, ავტორატიზმის გამოკვეთილი ტენდენციები ცარიელ ამბიციებთან ერთად .... ამ დროს გაგვაჩნია უძველესი სამეფო ოჯახი .... ევროპულ ოჯახში პირდაპირი შესვლის, ტერიტორიების საერთო გვირგვინის ქვეშ შემოკრების ერთერთი გზა !” - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატრიარქს უკვე შეხვდნენ.

კომენტარები