ჰოლივუდი

Wonder Woman-ის პროდიუსერმა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჰოლივუდში აქტივები გაყიდა

Reuters

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი (ხაზინის მდივანი) სტივენ მანუჩინი Wonder Woman-ის, Batman v Superman-ის, Mad Max-ისა და კიდევ 30-ზე მეტი ჰოლივუდური ბლოკბასტერის აღმასრულებელი პროდიუსერია. დღეს მანუჩინმა განაცხადა, რომ მან ჰოლივუდში კომპანია RatPac-Dune-ის წილები გაყიდა. მანუჩინს საჯარო სექტორში გადასვლის შემდეგ კომპანიების ფლობის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ. 

53 წლის მანუჩინი 17 წლის მანძილზე საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ში აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობდა, საიდანაც მან ჰოლივუდში გადაინაცვლა. მანუჩინმა 2004 წელს დააფუძნა Dune Entertainment-ი, რომელმაც ჯამში $500 მილიონით დააფინანსა Twentieth Century Fox-ის ფილმები. მანუჩინის კომპანია უშუალოდ მონაწილეობდა ისეთი ფილმების დაფინანსებაში, როგორიცაა იქს ადამიანების ფრენჩაიზი, ეშმაკი ატარებს პრადას, შავი გედი და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ავატარი, რომელმაც ბილეთების გაყიდვით $2.79 მილიარდზე მეტი მოაგროვა.

2013 წელს Fox-ის და მანუჩინის პარტნიორობა შეწყდა, რის შემდეგაც მან Warner Bros-ში გადაინაცვლა, სადაც უშუალოდ ასრულებდა სტუდიის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმების აღმასრულებელი პროდიუსერის მოვალეობას. imdb-ის მონაცემებით, მანუჩინი ორმოცამდე ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია, მათ შორისაა:

  • Wonder woman
  • Lego Batman
  • Lego Movie
  • Edge of Tomorrow
  • ამერიკელი სნაიპერი
  • Mad Max
  • სტაჟიორი
  • Suicide Squad
  • Batman v Superman
  • ბუღალტერი
  • შავი მესა
  • ანაბელი

მანუჩინი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატებს უჭერდა მხარს, მან უშუალოდ დააფინანსა ჰილარი კლინტონის პირველი საპრეზიდენტო კამპანია, მას შემდეგ კი, რაც კლინტონმა ბარაკ ობამას სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, მანუჩინი ობამას მსხვილი შემომწირველი გახდა. 

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი მან პარტია შეიცვალა და რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. წინასაარჩევნოდ მანუჩინი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ფინანსებს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები