საკონსტიტუციო ცვლილებები

115:0 - პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

თორნიკე ბარათაშვილი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. 115 მომხრე, 0 - წინააღმდეგი, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე სხდომაზე რეგისტრაცია სულ 115 დეპუტატმა გაიარა, მათგან 114 - ქართული ოცნების წევრი იყო, ხოლო ერთი - დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრებოდა. 

"მადლობას გიხდით ერთსულოვნებისთვის და ნამდვილად ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

კონსტიტუციურ კანონის პროექტზე მეორე მოსმენით მსჯელობას პარლამენტი ხვალ, 12:00 საათზე, რიგგარეშე სხდომაზე გააგრძელებს.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა, ერთჯერადად, ბარიერის 3%-მდე დაწევა იგეგმება. მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, მაჟორიტარული არჩევნები მხოლოდ 2024 წლისთვის გაუქმდება და ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა ბონუსის დამატებით. რაც შეეხება გადაუნაწილებელ მანდატებს, დაწესდება ე.წ ჭერი.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტს 2024 წლიდან არაპირდაპირი წესით აირჩევს სპეციალური საარჩევნო კოლეგია. გაუქმდება პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭო ჩამოყალიბდება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

კომენტარები