გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძე: პროკურატურას ჩემი აფეთქების მოტივის გამოძიების მცდელობაც კი არ აქვს

ენმ

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს წევრი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში მივიდა. თარგამაძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურამ აფეთქების საქმეზე გამოძიება დაასრულა.

"მათ შემომთავაზეს, რომ საბოლოოდ გავეცნო მასალებს, რომლებსაც ხვალ უკვე გადასცემენ სასამართლოში. წინასასამართლო სხდომა არის დანიშნული 3 ივლისს. მე მაინტერესებს, ჩემი ბოლო მოთხოვნა დაკმაყოფილდა თუ არა და წარედგინა თუ არა ბრალი საქმეში მონაწილე მეორე პირს, დიმიტრი აბრამიშვილს. ჩემი დღევანდელი ინტერესის საგანი ეს არის - შევალ, ვნახავ და მოვახსენებ.

რაც შეეხება მოტივს, ყველაზე საოცარი ის არის, რომ საქმეში მოტივი საერთოდ არ ფიგურირებს. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ პროკურატურის მოსაზრებით, ამ ადამიანებმა ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძეს, უბრალოდ შეგნებით, რომ მე უნდა მომკლან. სხვა მოტივი მოძიებულიც კი არ არის საერთოდ. მცდელობაც კი არ არის მოტივის გამოძიების" - თქვა თარგამაძემ.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.

ევროპული საქართველოს წევრი რამდენიმე თვეა, მისი აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ კი, გივი თარგამაძემ თქვა, რომ მის საქმეში ახალი გარემოებები გაჩნდა. პოლიტიკოსის განცხადებით, მან დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა.

კომენტარები