პროსტიტუცია

შსს: რუსთაველის გამზირის მიმდებარე ბარებიდან 91 სექსმუშაკი პოლიციაში გადავიყვანეთ

შსს

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ბარებიდან სამართალდამცველებმა 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით 91 სექსმუშაკი პოლციის შენობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, 71 მათგანი ქართველი, ხოლო 20 უცხოეთის მოქალაქე იყო - ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.

"პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს: 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი (სულ - 91 პირი); ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 - ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე", - უთხრეს შსს-ში ტაბულას.

უწყებისვე ცნობით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, ამავე ღონისძიების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც წარდგენილნი არიან სასამართლოში. სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები