ვენეციის კომისია

პრემიერი: ბუკიკიო კმაყოფილია დიალოგის გასაგრძელებლად ჩვენი მზადყოფნის გამო

radiotavisupleba.ge

"ბატონმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ გავაგრძელოთ დიალოგი."- პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბრის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. 

"ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბრის დროს, ჩვენ შევეხეთ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო მასალების პროცესს. ბატონმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ გავაგრძელოთ დიალოგი. მოგეხსენებათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა. წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან განსხვავებით, იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო განხილვებიც, სადაც ყველა იყო ჩართული. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კიდევ გავაგრძელოთ ეს დიალოგი, რათა ჩვენ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება გამოხატულება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ რამდენად არის მზად პოლიტიკური სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომელზეც მე დეტალურად აღარ ვისაუბრებ." - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილისა და ბუკიკიოს სატელეფონო საუბრის შინაარში მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა. ადმინიტრაციის ინფორმაციით, ჯანი ბუკიკიომ კვირიკაშვილს უთხრა, რომ დღეს კიდევ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მეტად პლურალისტური.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, საქართველოში ვიზიტისას, საარჩევნო სისტემის შეცვლის გადადებაზე საუბრისას თქვა, რომ დამწუხრებული და იმედგაცრუებულია. მისივე თქმით, "ქართველები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას."

კომენტარები