მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია

მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

სამინისტროს სტატუსის მინიჭების თაობაზე ბრალდებულის ოჯახმა და ადვოკატმა მიმართეს. ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, მის მიერ შეგროვილი 260- გვერდიანი მასალა ადასტურებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა განმარტა სამინისტროს გადაწყვეტილებამუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

"ჩაბუქს ჩაუტარდა გასაუბრება, სამინისტრომ სრულად შეისწავლა როგორც მისი და ასევე, სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ. ასევე თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული საექსტრადაციო მასალები. ინფორმაციის შესწავლის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება ბატონ ემრე ჩაბუქისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ბატონი ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით სამინისტრო არ ასაჯაროებს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს და არგუმენტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე განვმარტავთ - ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი წევრობის ან პოლიტიკური მრწამსის გამო დევნის საფუძველს. ბატონი ემრე ჩაბუქის საქმის დეტალების შესწავლისას გაანალიზდა, თუ რამდენად ემუქრება ბატონ მუსტაფა ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში დევნა, ასევე, გავითვალისწინეთ 2016 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები, ამასთან, გავითვალისწინეთ მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურები. სამინისტრომ მხედველობაში მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქართული მხარისთვის, კონკრეტულად ბატონი ჩაბუქის მიმართ წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიები", - თქვა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტრომ გაითვალისწინა თურქეთის ციხეებში არსებული მდგომარეობაც და ასევე, წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები დიპლომატიურ გარანტიებთან დაკავშირებით.

"გავითვალისწინეთ თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ფუნქციით ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნისა და ფუნქციონირების ფაქტი, ასევე, მხედველობაში მივიღეთ ევროპაში თავშესაფრის მიღების ოფისის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა დეპარტამენტების ანგარიშები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გაანალიზების შედეგად სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოში ემრე ჩაბუქისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭება საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლით", - განაცხადა რეხვიაშვილმა.

გარდა ამისა, რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება განხორციელდება, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს ეძლევა საშუალება, საქმეზე მონიტორინგი განახორციელოს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ჩაბუკის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, მათ შორის, ორი წელი - მუდმივად.

კომენტარები