მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია

NGO-ები ხელისუფლებას: არ გადასცეთ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, თურქეთს მუსტაფა ემრე ჩაბუქი არ გადასცეს, რადგან ის შესაძლოა, პოლიტიკური დევნის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდეს.

"თურქეთის სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მიერ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება თბილისში თურქეთის მთავრობის ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა. მანამდე საქართველოში მოქმედი რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებებს (მათ შორის, შაჰინის და დემირელის სკოლები და შავი ზღვის უნივერსიტეტი), რომელსაც თურქეთის მხარე ფეთულაჰ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებად განიხილავს, საქართველოს მთავრობა აქტიურად ამოწმებდა, რასაც შაჰინის სკოლის სავარაუდო უკანონო დახურვა მოჰყვა. ამ კონტექსტში მუსტაფა ჩაბუქის დაკავება მკვეთრად პოლიტიკურ შინაარსს ატარებს და თურქეთის მთავრობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ლოიალობაზე უთითებს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის სისხლის სამართლის საქმის მასალების შესაბამისად, ის თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის  ჩადენისთვის იძებნება, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მუსტაფა ემრე ჩაბუქს კავშირი  აქვს ფეთულაჰჰ გიულენის მიერ დაარსებულ ორგანიზაციასთან FETÖ/PDY, რომელიც თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის ე.წ. მოვლენების შემდგომ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა და ამ ორგანიზაციის მიზნებისთვის ახდენდა საქართველოში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წილის გასხვისებას მმართველთა ნების შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანიაზე Metropolitan Education and Colsultation Services. თურქეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია უმეტესად აღწერს ფეთულაჰ გიულენის საქმიანობას თურქეთში და არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება, წარმოადგენდეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ან ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია ტერორისტულ ორგანიზაციას და მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება რატომ შეიძლება განიხილებოდეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობად", - ნათქვამია განცხადებაში.

NGO-ების განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19, მე-20 მუხლები კრძალავს ექსტრადიციას, თუ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკურ ან პოლიტიკურთან დაკავშირებულ დანაშაულად სამხედრო დანაშაულად განიხილება. ამავე კანონის 28-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებაა, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია, მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი. ამასთან, კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ  ექსტრადიცია არ უნდა მოხდეს, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ ის პასუხისგებაში მისცენ ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია აკრძალულია, თუ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.

"თურქეთში ფეთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასობრივი უფლებების დარღვევის ფონზე, რომელიც მათ შორის, მკვლელობის, წამებისა და არაადამიანურ მოპყრობისა ან დასჯის, სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების სრულ უგულებელყოფაში, თავისუფლების უკანონო შეზღუდვასა და ქონების კონფისკაციაში გამოიხატება, აშკარაა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში პოლიტიკური დევნისა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ფეთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ წამების პრაქტიკებს ადასტურებს და გმობს ევროპული კომისია, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი (CAT), წამებაზე გაეროს მომხსენებელი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი. უნდა ითქვას, რომ ევროპული ქვეყნები ასევე თავს იკავებენ თურქეთის მთავრობისთვის მსგავსი ბრალდების მქონე პირების გადაცემისგან", - ნათქვამია ტექსტში.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადაცია არსებითად დაარღვევს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ სტანდარტებს და დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს.

"ამავდროულად ხელმომწერი ორგანიზაციები მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც წლების განმვლობაში საქართველოში პედაგოგიურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, ასევე მის ოჯახსა და თანამოააზრეებს, ვუცხადებთ სოლიდარობას და შევეცდებით, რომ ჩვენი მანდატის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ მათი უფლებების დაცვას საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

საქართველოს მთავრობას

წამების, არაადამიანური მოპყრობის, დასჯისა და თურქეთის ტერიტორიაზე მუსტაფა ჩაბუქის პოლიტიკური დევნის აშკარა და რეალური რისკების გამო საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადოს მის ექსტრადიციაზე;

საქართველოს მთავრობამ ყველა ზომა მიიღოს მუსტაფა ჩაბუქისა და მისი ოჯახის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური, უსაფრთხო ცხოვრებისა და საქმიანობისთვის და მათ შორის, მას, მის ოჯახსა და თანამოააზრებს, რომლებიც მსგავსი რისკების წინაშე შეიძლება, დადგენენ მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი;

საქართველოს პარლამენტს

უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება თურქეთის მოქალაქეების შესაძლო უკანონო ექსტრადიციისა და საქართველოში ფეთულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში განხილული თურქული სკოლების შესაძლო შევიწროების პრაქტიკაზე და ამ მიმართულებით მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და მედიის განვითარების ფონდი (MDF).

კომენტარები