ე.წ ქართველთა მარში

საია: შსს-მ გამოძიება სავარაუდო დაზარალებულის შეტყობინების გარეშე უნდა დაიწყოს

საია
gyla.ge

ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორების მიერ ჯგუფური გაუპატიურების მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია. როგორც ტაბულას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არღვევს დღესდღეობით არსებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს 100-ე და 101-ე მუხლებით.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არღვევს დღესდღეობით არსებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომლის თანახმადაც გამოძიების დაწყების ვალდებულება წარმოიშობა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. ინფორმაცია შეიძლება საგამოძიებო ორგანომ მიიღოს არა მხოლოდ დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლისგან, არამედ მასმედიის, სოციალური ქსელის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით",-ამბობს საიას წარმომადგენელი თამარ დეკანოსიძე.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მათთვის განცხადებით არავის მიუმართავთ და უწყება ვალდებული არაა გამოძიება დაიწყოს. საიას წარმომადგენლის თქმით, გამოძიება უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაშიც, თუ მუქარის ადრესატი პოლიციას არ მიმართავს.

"როგორც კი საგამოძიებო ორგანო მიიღებს ასეთ ინფორმაციას, მან უნდა დაიწყოს გამოძიება დაუყონებლივ. დანაშაულის სავარაუდო დაზარალებული არ არის ვალდებული დანაშაულის შესახებ შეატყობინოს გამოძიებას და მისი არშეტყობინება არ არის გამოძიების არდაწყების საფუძველი კანონმდებლობის თანახმად",-აღშნიშნავს თამარ დეკანოსიძე. 

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

კომენტარები