მუქარა

კორკოტაშვილი თათია დოლიძეზე: მე არსად ბოდიში მოსახდელი არ მაქვს

ნეოფაშისტური ე.წ. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორი გია კორკოტაშვილის აღიარებს, რომ თათია დოლიძეს კომენტარები თვითონ დაუწერა და ამბობს, რომ ამის გამო ბოდიში მოსახდელი არ აქვს. მისი თქმით, ეს ადამიანებს შორის პირადი საუბარი იყო და არავის "საქმე არ იყო". 

"მე 2 ადამიანს შორის რა სლენგია, უზრდელურიც თუ არის და თუ გინებით გამოვხატავ მე ამას, ვისი რა საქმე არის ერთი გამაგებინეთ. მაგაზე არც ბოდიში მაქვს მოსახდელი, არც არაფერი. მეორეც ერთი, ის სიტყვა, რაცა მაქვს ნახმარი, თქვე მართლა ტვინიდან დაავადებულებო, იმაში რომ გამიყვანეთ, პედოფილია არისო... მე მართლა არსად ბოდიში მოსახდელი არა მაქვს, ორ ადამიანს შორის იყო მოხსენიებული მესამე ადამიანი,"- ამბობს კორკოტაშვილი "ობიექტივის" ეთერში. 

მისი თქმით, ის თათია დოლიძეს გაუპატიურებით არ დამუქრებია. 

"ან იქ დამიწერეს, რომ გაუპატიურებით დაემუქრნენო. გაუპატიურებით დამუქრება არის, როცა ადამიანს პირადად დაურეკავ და გეტყვი, რომ მე შენ გიზამ ამას და ამას,"- ამბობს კორკოტაშვილი. 

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

შს სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ნეოფაშისტური ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ კომენტარები ფოტოშოპით იყო გაკეთებული და სინამდვილეში მათ ეს არ დაუწერიათ. ამასთან, გუშინ გია კორკოტაშვილის შვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მამამისს სოციალური ქსელის ანგარიში გაუტეხეს და კომენტარები, შესაბამისად, სხვამ დაწერა.

კომენტარები