ვენესუელა

ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციების დროს სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა

AFP

ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციების დროს სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცლებს. ბრიტანული მედიის ცნობით, ოპოზიციამ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური გაფიცვა მოაწყო. 

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, 24-საათიანმა გაფიცვამ შედეგი გამოიღო და აქციას ქვეყნის მოსახლეობის 85% შეუერთდა.

აპრილის დასაწყისიდან ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას უფლებები შეუზღუდა. სასამართლო გადაწყვეტილება გაუქმდა, თუმცა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მოსამართლეების გადაყენებისა და ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით აგრძელებს.

ნიკოლოს მადუროს ოპოზიციის მიერ კოტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა, შეიცვალოს სახელმწიფო წყობა და შექმნას საკონსტიტუციო ასამბლეა.

ჯამში სამთავრობო და ოპოზიციური ძალების დაპირისპირების შედეგად, უკანასკნელ თვეებში სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 1500-მდე ადამიანი კი დაშავდა.

საპროტესტო აქციების ფონზე ვენესუელაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ ქვეყანა მის ხელთ არსებული ნავთობის მარაგების ათვისებას ვერ ახერხებს. მე-10 წელია ნავთობის მოპოვება მცირდება, რადგანაც სახელმწიფო კომპანიები, რომლებსაც საბადოები ეკუთვნით, არასწორი მენეჯმენტისა და კორუფციის გამო სათანადო მოგებაზე ვერ გადიან.ნავთობის რეალიზაციისგან მიღებული თანხა სახელმწიფო კომპანიებიდან ბიუჯეტსა და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებში ხვდება. 2011 წელს ვენესუელას საერთაშორისო რეზერვები $30 მილიარდს შეადგენდა, მიმდინარე თვიდან კი ქვეყანამ უკანასკნელი $10 მილიარდის ხარჯვაზე გადავიდა.

კომენტარები