სტრასბურგის სასამართლო

კანდელაკი ახალ კონკურსზე: დამტკიცდა, რომ შერჩევის პროცესი დისკრედიტირებულია

გიორგი კანდელაკი
facebook.com/gkandelaki

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი ლადო ჭანტურია მოსამართლედ არავის დაუმტკიცებია. კანდელაკის თქმით, "თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთა მიერ გაგზავნილი სიის მთლიანად უარყოფა ხდება".

"დღეს იუსტიციის მინისტრი შეეცადა, წარმატებად გაესაღებინა ის მორიგი სირცხვილი, რაც მან უკვე მეორედ მოუტანა ჩვენს ქვეყანას. უკვე მეორედ ხდება, რომ საქართველო ფორმალური კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აგზავნის შეუფერებელ კანდიდატებს. პირველ რიგში, ბატონი ჭანტურია არავის დაუმტკიცებია მოსამართლედ. მთელი პროცესი აღსავსე იყო მაქინაციებით იმისთვის, რომ კვალიფიციური კანდიდატები ვერ მოხვედრილიყვნენ იმ სამეულში, რომელიც გაიგზავნა სტრასბურგში", - ამბობს კანდელაკი. 

ევროპული საქართველოს წევრისვე თქმით, წულუკიანი ახალი კონკურსის გამოცხადებით აღიარებს, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი დიკრედიტირებულია.

"ის, რომ იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ახალ კონკურსს, რისი ვალდებულებაც მას ფორმალურად არ აქვს, ნიშნავს, რომ ქალბატონი წულუკიანი აღიარებს იმას, რომ მთლიანი პროცესი, რომელიც მან წარმართა, დისკრედიტირებულია. იმ სირცხვილის ფონზე, რომელიც წულუკიანს ჩვენი ქვეყნისთვის მოაქვს, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იგი უკვე იქნებოდა გადამდგარი. სამწუხაროდ ეს არ ხდება იმიტომ, რომ მთავრობა მთლიანად ჩართულია ამ მანიპულაციაში, რათა კვალიფიციური კანდიდატები სიაში ვერ მოხვდნენ", - თქვა გიორგი კანდელაკმა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად დღეიდან ახალი, უკვე მესამე კონკურსი ცხადდება. წარდგენილი სამი კანდიდატიდან სტრასბურგმა ორი კვლავ დაიწუნა, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კონკურსს გამოეთიშნენ. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ლადო ჭანტურია გადავიდა.  იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, გეწაძე და ჯაფარიძე ასაკის და შესაბამისად მოსამართლედ მუშაობის გამოცდილების გამო გამოეთიშნენ კონკურსს.

კომენტარები