თამბაქო

თამბაქოს ერთნაირი შეფუთვის ამოქმედება 2022 წლამდე გადავადდება

Reuters

თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის ამოქმედება 5 წლით, 2022 წლამდე გადაიწევს, ამის შესახებ ოცნების დეპუტატების მიერ პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში წერია. მაისში პარლამენტმა მხარი დაუჭირა გუგული მაღრაძის კანონპროექტს, რომლითაც 2018 წლის პირველი იანვრიდან იკრძალებოდა თამბაქოს ღერებსა და მის შეფუთვაზე ნებისმიერი ტიპის ბრენდული ნიშნის დატანა, რის შედეგადაც ბაზარზე არსებული ყველა ბრენდის სიგარეტი ერთნაირი, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდებოდა.

ცვლილებებს თამბაქოს ინდუსტრია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ის ძალაში მაინც შევიდა. ბიზნესის შეფასებით, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ევროკავშირის მოთხოვნებს.

თამბაქოს სტანდარტული შეფუთვის ნიმუში:


ფოტო: pinterest.com

ქართული ოცნების ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ბაზარზე თამბაქოს "სტანდარტული შეფუთვა" დანერგეს, დამატებით ანალიზს საჭიროებს.

"ავსტრალიაში აღნიშნული რეგულაცია შემოღებულ იქნა მხოლოდ 2012 წლიდან. თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი შეფუთვა 2016 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ასევე ინგლისმა, ირლანდიამ და საფრანგეთმა.

მსგავსი რეგულაციების შემოღებას განიხილავენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც, მხოლოდ 2020 წლიდან. აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ ახალი რეგულაციის ზეგავლენის სრულყოფილად შეფასება მოხდეს, მნიშვნელოვანია მისი საზღვარგარეთის ქვეყნებში ფართოდ დანერგვიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ (2-3 წელი) მოხდეს აღნიშნული რეგულაციის ზეგავლენის შეფასება", - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

იმის მიუხედავად, რომ გუგული მაღრაძის კანონის აღნიშნული მუხლი 2022 წლამდე გადაიწვეს, ის 2018 წლიდან რიგი რეგულაციების ძალაში შესვლას მაინც ითვალისწინებს, მაგალითად:

  • თამბაქოს მოხმარება იკრძალება ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობაში. გამონაკლისია მხოლოდ კერძო ბინები, სასჯელაღსრულების დაწესებულება, სამორინე და ფსიქიატრიული მედიცინის დაწესებულებები.
  • აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით,
  • თამბაქოს მოხმარება იკრძალება სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია
  • იკრძალება თამბაქოს დადება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ის გარედან იყოს ხილვადი.

რეგულაციების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები