მსოფლიო

ქურთისტანი: გზა რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე

0 კომენტარი

25 სექტემბრის რეფერენდუმზე გადაწყდება დარჩება ქურთისტანი ერაყის შემადგენლობაში, თუ მოგვევლინება ახალ სახელმწიფოდ. რეფერნდუმი არის ერაყელი ქურთების პირველი კონკრეტული ნაბიჯი დამოუკიდებლობის მიღწევის გზაზე და თითქმის საუკუნოვანი ოცნების რეალურად ქცევის პირველი შესაძლებლობა.

ქურთები მუდმივად განიცდიან დევნას და შევიწროებას ყველა იმ სახელმწიფოში, რომელშიც სახლობენ (თურქეთი, ირანი, სირია, ერაყი). ისინი ამჟამად წარმოადგენენ მსოფლიოსი ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს სახელმწიფოს გარეშე, მათი რაოდენობა 30 მილიონს აღემატება, უდიდესი ნაწილი კი ოთხ სახელმწიფოში (თურქეთი, ირანი, ერაყი, სირია) ცხოვრობს. ახლო აღმოსავლეთში ქურთები რაოდენობით მხოლოდ არაბებს, ირანელებს და თურქებს ჩამოუვარდებიან.

ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის ფორმირება

ისტორიულად, ქურთისტანის ერთიანი სახელმწიფოს შექმნა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში განიხილებოდა. 1916 წელს საინს-პიკოს შეთანხმებით ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ახლო აღმოსავლეთის რუკის კონტურები მოხაზეს:

იმ პერიოდის მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს, ჰქონდათ რამდენიმე გეგმა, იმ ტერიტორიის შესახებ, რომელიც უნდა მოეცვა ქურთისტანის ერთიან სახელმწიფოს(დიდ ქურთისტანს). თუმცა საბოლოოდ სხვადასხვა ინტერესთა კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სახელმწიფოთა შორის არა ერთიანი ქურთისტანი, არამედ ქურთების ვერცერთი ჯგუფი ვერ აღმოჩნდა.

რუკაზე აღნიშნულია დასავლეთის მიერ ქურთისტანის შექმნის შემთხვევაში მისი შესაძლო საზღვრები. ყვითლად აღნიშნუია ქურთისტანის დელეგაციის მიერ შეთავაზებული საზღვრები 1919 წლის პარიზის კონფერენციაზე. სტაფილოსფრად 1920 წლის სევრეს ხელშეკრულებით განსაზღვრული და მწვანედ 1945 წელს ისევ ქურთული დელეგაციის მიერ შეთავაზებული საზღვრები გაერთიანებული ერების ორგანიზაიის კონფერენციაზე 1945 წელს.

ქურთების ინტერესები ახლო აღმოსავლეთში, დიდი ქურთისტანის პერსპექტივები

“ისლამურ სახელმწიფოსთან” წარმატებული ბრძოლა ქურთების შანსებს და მათ მისწრაფებებს დამოუკიდებლობისაკენ თითქმის მთელ რეგიონში ზრდის. ახლო აღმოსავლეთში ერაყის ქურთისტანის გარდა სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვის “სირიის დემოკრატიული კავშირი”, რომელსაც საკმაოდ ძლიერი სამხედრო დანაყოფები აქვს “სახალხო თავდაცვის შენაერთების სახით” და “ქურთისტანის მუშათა პარტია” თურქეთში,რომელიც წლებია იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და თურქეთის მთავრობას ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს აღიარებული. ქურთების ცხოვრობენ ირანში(5-7მილიონი), რომლებსაც მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლიათ და რისი არაერთი ფაქტიც არსებობს. შესაბამისად ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობა გამოიწვევს დიდ პოლიტიკურ ძვრებს რეგიონში, მას შეიძლება ჰქონდეს ერთგვარი “დომინოს ეფექტი” და გამოიწვიოს რეგიონის სხვა ეთნო-რელიგიური ჯგუფების გადახალისება და რეგიონის ხელახალი გადანაწილება.

ექსპერტების აზრით დამოუკიდებელი ქურთისტანი ერაყის ჩრდილოეთში გახდება ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი, სირიაში, თურქეთში და ირანში მცხოვრები ქურთებისთვის, რომელთა შესაძლო გაერთიანებაც გამოიწვევს “დიდი ქურთისტანის” შექმნას. ამის მიღწევის გზაზე ქურთები შეხვდებიან მრავალ პრობლემას და დაბრკოლებას. ოფიციალური ანკარა, ბაღდადი თუ დამასკო არასდროს დაუჭერს ამას მხარს, ამასთან ერთად არსებობს თვითონ ქურთებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებები, თუმცა ერაყის ქურთისტანის სახით შესაძლო წარმატებული პრეცენდენტი გამოიწვევს მათ წახალისებას სხვა ქვეყნებშიც.

შესაძლო დიდი ქურთისტანის ძირითადი ბირთვი როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად იქნება ერაყის ქურთისტანი, რომელიც აშკარად პროამერიკული კურსის მატარებელია, რაც ავტომატურად გამოიწვევს სხვა ქურთული ტერიტორიების ამერიკული გავლენის ქვეშ მოქცევას. ამერიკელები სრულიად აკონტროლებენ და აფინანსებენ “პეშმერგას”(ერაყის ქურთისტანის არმია) ძალებს, ისევე როგორც სირიელი ქურთების დაჯგუფებებს, რაც შესაძლოა გახდეს ერთგვარი მიზეზი მათი გაერთიანების.

რაც შეეხება თურქეთს, ბოლო პერიოდში “ქურთისტანის მუშატა პარტია” თანდათან გამოვიდა “მარგინალური”, ოფიციალური თურქეთის მიერ გამოცხადებული ტერორისტულ-პარტიზანული მოძრაობიდან და მიიღო ისეთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა როგორიცაა “ხალხთა დემოკრატიული პარტია”, რომელსაც თურქეთის პარლამენტში 58 მანდატი აქვს, რაც ბევრად სახიფათოა თურქეთისთვის, ვიდრე ის პარტიზანული ბრძოლა, რომელსაც მუშათა პარტია აქამდე ახორციელებდა.

ირანში მცხოვრები მილიონობით ქურთი მრავალი წელია დისკრიმინაციის მსხვერპლია. თეირანის მთავრობისთვის თანასწორობის უფლების მოთხოვნის გამო მრავალი მათგანი ხვდება ციხეში, სადაც სიკვდილით სჯიან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთში და დასავლეთის გააქტიურებამ ირანის ბირთული პროგრამის წინააღმდეგ გარკვეული იმედები გააჩინა ქურთებში, რომლებიც 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ მუდმივად განიცდიან შევიწროებას. ირანში არსებობს “ქურთისტანი თავისუფალი ცხოვრების პარტია”, რომელიც მიუხედავად იმასა, რომ ირანის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული, აწარმოებს პარტიზანულ ბრძოლას ქურთების უფლებების დასაცავად. ოფიციალური თეირანის განცხადებით ქურთების განათლების დონე იმატებს და თანდათან ხდება მათი მატი ინტეგრაცია პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ქურთები ამბობენ, რომ მათ ნაკლები უფლებები აქვთ. „ჩვენ ყველა ხალხისათვის თანაბრად გვინდა მშვიდობა. ჩვენ არასოდეს მოგვითხოვია ირანის შემადგენლობიდან გამოსვლა თუ ქურთისტანის ავტონომიური მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ქურთები თანასწორუფლებიან ხალხად აღიარონ და ირანელი მოქალაქეების მსგავსი უფლებებით ისარგებლონ,” - განმარტავს რეზან ჯავიდი, “ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების” პარტიის ხელმძღვანელი. საბოლოოდ ნებისმიერ შემთხვევაში ირანის ისლამური სახელმწიფოს მიერ დისკრიმინირებული ქურთები წარმოადგენენ საკმაოდ დიდ საფრთხეს ირანისთვის, პარტიზანული ბრძოლა შესაძლოა გადაიზარდოს დიდ სახალხო მოძრაობაში, რაც მნიშვნელოვანი პრობლემების შემქმნელი იქნება ირანისთვის. ისტორიულად აშშ-ის მიერ წახალისებულმა ქურთებმა რამდენჯერმე სცადეს ამბოხება მთავრობის წინააღმდეგ, ყველა ცდა უშედეგო იყო, თუმცა ვინაიდან მთავრობის პოლიტიკა ქურთებთან მიმართებაში უცვლელია, შესაძლებელია ბევრად უფრო რთული შედეგები გამოიწვიოს.

შეჯამებისთვის, ერთინი ქურთისტანის შექმნის შანსები ამ ეტაპზე საკმაოდ მცირეა, თუმცა ერაყის ქურთისტანი აღიარება შესაძლოა გახდეს დიდი ბიძგი ქურთული ეთნოსისთვის მთელ რეგიონში და დროთა განმავლობაში შესაძლოა მივიღოთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სრულიად ახალი გადანაწილება.

შიდა პოლიტიკური ვითარება

2003 წელს ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყში ქურთებმა მოიპოვეს საკმაოდ ფართო ავტონომია და თანდათან თავისი სამხედრო მილიციის (პეშმერგა) წყალობით გააფართოეს საკუთარი გავლენა, განსაკუთრებით ისლამურ სახელმწიფოსთან წარმატებული ბრძოლის გამო, ამასთან ერთად ერაყის სამთავრობო არმია ვერ შეძლებდა ქალაქ მოსულის განთავისუფლებას პეშმერგას დახმარების გარეშე.

დღეისათვის ერაყის ქურთისტანი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ტომობრივ-კლასობრივი წყობიდან, საზოგადოება ძალიან არაერთგვაროვანია, თუმცა ქურთისტანს გააჩნია თავისი პარლამენტი, შეიარაღებული ძალები, უშიშროების სამსახური და გააჩნია ყველა ატრიბუტი რაც საჭიროა სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნისთვის. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ქურთულ გარემოში რადიკალური რელიგიური ექსტრემიზმი არასდროს ყოფილა პოპულარული, რაც კიდევ უფრო უხსნის გზას დასავლეთის მიერ მათ მხარდაჭერას.

ერაყის მთავრობის წარუმატებლობასთან ერთად დამოუკიდებელი ქურთისტანის იდეაა თანდათან უფრო მწიფდებოდა. მთავარი მოქმედი პირი კი “ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის” პრედზიდენტი მასუდ ბარზანია, რომელსად დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნა და მის დედაქალაქად ერბილეს გამოცხადება სურს.

დღეისათვის ქურთისტანში არსებობს სამი ძირითადი პარტია: ქურთისტანის დემოკრატიული პარტია (KDP), ქურთისტანის პატრიოტთა კვაშირი (PUK) და პარტია მოძრაობა ცვლილებებისთვის, იგივე “გორანი”. სამივე პარტიის წინააღმდეგობის ძირითადი საფუძველი პრეზიდენტ ბარზანის ვრცელი საპრეზიდენტო ვადა და მისი შეუსრულებელი დაპირებებია, თუმცა ამის მიუხედავად არცერთი პარტიია არ ეწინააღმდეგება დამოუკიდებლობის იდეას. 2005 წლამდე KDP და სოციალისტური PUK-ი ერთმანეთთან სისხლისმღვრელ ომში იყვნენ ჩაბმულები, თუმცა საბოლოოდ მოახერხეს ძალაუფლების გამყოფ შეთანხმებამდე მისვლა და ერაყში გავლენიანი სამხედრო ბლოკი შექმნეს. ბოლო დროს ბარზანის მიერ საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივების (მანდატი 2015 წლამდე ჰქონდა) შემდეგ და პოპულისტური, კორუფციაში ჩაფლულ ტომობრივ კლასობრივ ჯგუფად დაყოფილ “ქურთისტანის დემოკრატიულ კავშირსა” და “ქურთისტანის პატრიოტთა კავშირს” შორის ძალიან დაიძაბა სიტუაცია. რაც შეეხება გორანს, ის წარმოადგენს მესამე გავლენიან პარტიას ქურთისტანში და წარმოადგენს მმართველი ალიანსის ოპოზიციას, თუმცა ამ ეტაპზე არ სარგებლობს იმ დონის მხარდაჭერით, რომ რეალურად შეცვალონ რამე.

ბაღდად ერბილეს მოლაპარაკებები და აშშ-ის ინტერესი

რაც შეეხება ბაღდათ-ერბილეს მოლაპარაკებებს და აშშ-ის ჩართულობას მიმდინარე პროცესებში, უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს ქურთისტანის დამოუკიდებლობას, ისინი თვლიან, რომ ქურთისტანის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაამძაფრებს მოვლენებს რეგიონში, ამასთან საფრთხის ქვეშ დადგება თურქეთის უსაფრთხოება და შესაძლოა ირანთან კონფლიქტის პროვოცირებას შეუწყოს ხელი. ამჯამად აშშ აქტიურად ეხმარება ერაყის მთავრობას ჯიჰადისტებთან ბრძოლაში.

აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია ახლო აღმოისავლეთის პრობლემის მოგვარებას უდაოდ თავისი სამხედრო ჩართულობის გარეშე, ახალი, ძლიერი პარტნიორების მოძებნით ცდილობს, ამის ფონზე კი “პეშმერგა” საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რაც შეეხება ერაყს, ცენტრალური მთავრობის და ელიტის წარმოამდგენლების აცხადებენ რომ ქურთისტანი, ასირიელების, იეზიდების და თურქმანების მსგავსად არის ერაყის განუყოფელი ნაწილი და დაუშვებელია მისი გამოყოფა.

ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობასა და ერაყის მთავრობას შორის საკმაოდ მწვავე დავაა ქურთისტანის რეგიონში არსებულ ნავთობის მარაგებზე, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხების ნაწილს ითხოვს ერაყის მთავრობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კირკუკის რეგიონი, რომელიც როგორც ირანის ისე ქურთისტანის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საბოლოოდ ქურთისტანის დამოუკიდებლობის პერსპექტივები, საკმაოდ მტრულ გარემოში შეიცავს ბევრ კითხვის ნიშნებს. “ჩვენ არ გვაქვს სტაბილური ეკონომიკა, გვაქვს ერთი ნავთობსადენი, არ გვაქვს სასამართლო სისტემა, არ გვყავს ერთიანი არმია და ერთიანი პარლამენტი” - განაცხადა შაშვარ ქადირმა, ქურთისტანის მთავარი ტელევიზიის NRT-ს მფლობელმა.

კირკუკის რეგიონის გარდა არსებობს სხვა სადავო ტერიტორიებიც და რთულია ზუსტად განისაზღვროს რა არეალში უნდა მოხდეს ქურთისტანის აღიარება, უნდა მოიცვას 1991 წლის დე-ფაქტო ავტონომიით განსაზღვრული ტერიტორია, თუ ის ტერიტორია, რომელსაც ბოლოდროინდელი სამხედრო ოპერაციების შემდეგ აკონტროლებს? რა ბედი ეწევათ სხვა ერაყის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ქურთებს და გამოიწვევს თუ არა ეს ერაყში არსებული სუნიტური უმცირესობაში სეპარატიზმის გავრცელებას, რამაც შეიძლება ერაყის სრულიად დაშლა გამოიწვიოს. საბოლოოდ თუ ბაღდადი იძულებული გახდება დათმობებზე წავიდეს იკვეთება უამრავი ტერიტორიული დავა, რომლის უნდაც სამუშაო მაგიდასთან გადაწყვეტის შანსები საკმაოდ მცირეა...

გეოპოლიტიკური ინტერესები

ისრაელი

ნებისმიერ შემთხვევაში ქურთისტანს დაჭირდება მხარდამჭერები. მის მთავარ პარტნიორად შეიძლება განვიხილოთ ისრაელი,რომელიც  ჯერ-ჯერობით დუმს, თუმცა საეჭვო აღარაა, რომ ოფიციალური იერუსალიმი მხარს უჭერს ქურთისტანის დამოუკიდებლობას. 3 წლის წინ ისრაელის პრემიერ მინისტრმა ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ქურთისტანის მისწრაფებას დამოუკიდებლობისკენ.

ერაყელ ქურთებსა და ისრაელს შორის პირველი კავშირები გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩნდება, როდესაც ისრაელის პირველმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ბენ-გურიონმა ე.წ. “პერიფერიული ალიანსის” სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც გულისხმობდა არაბულ სახელმწიფოებთან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფების გამოყენებას თავის სასარგებლოდ, ამასთანავე ამ პერიოდიდან ისრაელის “მოსადის” აგენტები აქტიურად წვრთნიან ქურთისტანის სამხედრო ნაწილებს.

ისრაელთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა არ გულისხმობს თამაშს ნულოვან მოგებაზე, აღნიშნული კავშირი ორმხრივად სარგებლის მიღებაზეა, ისრაელი თავის მხრივ იღებს ნავტობის დამატებით მარაგებს საკმაოდ ხელსაყრელ ფასად, უჩნდება საკმაოდ ძლიერი სამხედრო პარტნიორი ირანთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში. ქურთისტანი კი თავის მხრივ ისრაელთან კავშირით ამცირებს მისი იზოლაციის საფრთხეს, იძენს საკმაოდ ძლიერ სავაჭრო და სამხედრო პარტნიორს.

ირანი

საკმაოდ მწვავე დამოკიდებულება აქვს ირანს დამოუკიდებელ ქურთისტანთან მიმართებაში. ირანი მხარს უჭერს ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და ერბილსა და ბაღდადს შორის უთანხმოების დროს შუამავლობას ცდილობს. ირანის ხელისუფლების წინააღმდეგობას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს: ერაყში ქურთისტანის დამოუკიდებლობას შეიძლება მსგავსი ეფექტი ჰქონდეს ირანში მცხოვრებ ქურთებზე, მეორე კი - გეოპოლიტიკური ბერკეტია, აშშ-ის და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ქურთისტანის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ირანის გავლენას რეგიონში.

თურქეთი

დამოუკიდებლობის გზაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება იყოს თურქეთი. “ქურთისტანის მუშათა პარტია” წლებია იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, რომელთა თვითგამორკვევაც თურქებითისთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია. ქურთები შეადგენენ ყველაზე დიდ უმცირესობას თურქეთში (15-20%). 2003 წლიდან თურქეთი აქტიურად ცდილობს შეამციროს ერაყში ქურთების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. დღეისათვის თურქეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები აქვს ქურთისტანთან, ერდოღანს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს ბარზანისთან, რომლის პარტიაც არ უჭერს მხარს “ქურთისტანის მუშათა პარტიას”.

თუმცა ერაყის ტერიტორიაზე ახალი სუვერენული სახელმწიფოს გაჩენა მნიშვნელოვნად ზრდის შანსებს, რომ ეს შეიძლება იყოს განგრძობითი პროცესი და საკმაოდ მწვავედ აისახოს სხვადასხვა ეთნო-რელიგიური ჯგუფების მისწრაფებებზე.

პერსპექტივები

ქურთისტანის არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ესაზღვრება ირანს, ერაყს, სირიას, თურქეთს და ყველა მათგანი წინააღმდეგია მისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბების. ირანის მსგავსად სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც სკეპტიკურად უყურებენ ასეთ მტრულ გარემოში მშვიდი და სტაბილური სახელმწიფოს შექმნას.

რომ შევაჯამოთ, ქურთისტანი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და სტაბილური სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება მხარი დაუჭიროს ტრამპის ადმინისტრაციამ, რადგან თვითგამორკვევა და დამოუკიდებლობა განსაკუთრებული უფლებაა ყველა ეთნიკური ჯგუფის, თუმცა ჯერჯერობით ზუსტად ვერავინ განსაზღვრავს რას მოიტანს აღნიშნული პრეცენდენტის დაშვება და რა პრობლემები შეიძლება გამოიკვეთოს ქურთისტანის დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა

კომენტარები