მიკაილ კადიევის საქმე

სამინისტროს კადიევის ლტოლვილის სტატუსის საკითხის თავიდან განხილვა დაევალა

Reportiori

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა, რუსეთში ძებნილი მიკაილ კადიევისთვის სტატუსის მინიჭებაზე ახალი აქტი გამოსცეს. ეს ნიშნავს, რომ კადიევის მიმართ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სამინისტროს უარი გაბათილდა. კადიევს ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლეილა გიგაძის დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, უწყებას სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ დაევალა.

მიკაილ კადიევს რუსეთი რამდენიმე წელია მკვლელობაში ადანაშაულებს და მასზე ძებნაა გამოცხადებული. რუსეთის პროკურატურამ კადიევის ექსტრადირება ორჯერ მოითხოვა, რის გამოც, ამ უკანასკნელმა საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. საქართველოს პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ ექსტრადირების საკითხს მას შემდეგ განიხილავდნენ, რაც საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო გადაწყვეტდა კადიევისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს.

ლტოლვილთა სამინისტრომ კადიევს უარი "დევნისა და საფრთხის წყაროების არსებობის დაუსაბუთებლობის" გამო უთხრა. კადიევის დაცვის მხარე კი, ექსტრადირების შემთხვევაში, რუსეთის მთავრობის მიერ მისი ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის არსებობაზე საუბრობდა.

1982 წლის 28 სექტემბერს დაბადებულ მიკაილ კადიევს რუსეთის ფედერაცია 2009 წელს ხასავიურტის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მკვლელობას ედავება. მიკაილ კადიევის მტკიცებით კი, იმ პერიოდში, როდესაც მკვლელობა მოხდა, ის დაღესტნის სამაშველო სამსახურში მუშაობდა და დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვს.

"არ გადასცეთ კადიევი რუსეთს" - ბოლო წლების განმავლობაში, ამ მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადირების მოთხოვნას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენის თქმით, კადიევის რუსეთში ექსტრადიცია დაუშვებელია, რადგან მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეექმნას. 

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიკაელ კადიევი და მისი ბიძაშვილი რიზვან ომაროვი 2013 წლის 13 ივნისს, ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს მტკიცებით, ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. 

ტერაქტის მცდელობის გარდა, კადიევსა და ომაროვს ბრალად იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა წარუდგინეს. მოგვიანებით, ტერაქტის მცდელობის ბრალდება ორივე მათგანს მოეხსნა და მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ-ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები