ანა დოლიძე

პრეზიდენტის პასუხი ქართულ ოცნებას: კონცენტრირდით რეალურ პრობლემებზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დაარღვია ეთიკისა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები. ამასთან, მათ აღშფოთება გამოთქვეს პრეზიდენტის რეაქციის გამო და მას მოუწოდეს, მიეღო ზომები, რათა შეწყდეს "პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებების გამოვლენა".

გთავაზობთ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პასუხს სრულად:

"მეამაყება, რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ვემსახურები ჩემს სამშობლოს და მასთან ერთად ვარ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.

მინდა შეგახსენოთ, რომ ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირისმშენებელი!

ანა დოლიძე არც "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულია "ქართულ ოცნებაში" და არც მედროვე.

ჩემი პრინციპი ყოველთვის იყო ანა დოლიძისნაირი ძლიერი, ღირებული ფასეულობების მქონე ადამიანებისთვის მიმეცა ქვეყნის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა.

ბევრისაგან განსხვავებით, ქვეყანაში მძიმე ვითარების დროს, ანა არასოდეს გაჩუმებულა, არ შეშინებია პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ხშირად მარტოც კი, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას, როცა ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ანა იცავდა უსამართლობის მსხვერპლ ოჯახებს.

ალბათ, ამიტომაც გახდა ანა დოლიძე შეურაცხყოფის სამიზნე "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლისთვის. ალბათ, ამ პრინციპულობის გამო უშლიან მას ხელს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. ალბათ, ამიტომ არის მიუღებელი არამარტო საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად.

თავს მოვალედ მივიჩნევ, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ანადოლიძისნაირი უშიშარი, პრინციპული, პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს და არა ის პიროვნებები, რომლებიც ერგებიან ნებისმიერ მთავრობას, რთულ ვითარებებში კი, საკუთარი სიჩუმის გადაფარვას აგრესიით და თავდასხმებითცდილობენ.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უამრავი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი, გამოგონილი დაპირისპირებების შექმნა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან გაქცევა ახალი არ არის.

მოვუწოდებ პარლამენტს, დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას, დეპუტატები კი, კონცენტრირდნენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე,"- წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

26 ივლისს გამართულ სესიაზე ირაკლი კობახიძესა და ანა დოლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტის მოტივიერებულ შენიშვნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძის გამოსვლა "თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და ღირსებას მოკლებული კრიტიკით იყო სავსე".

"ქალბატონო ანა, თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე და შესაბამისი ეთიკის ნორმები უნდა დაიცვათ, რაც შეეხება შეურაცხყოფებს, მაგალითები უნდა მოიყვანოთ" - მიმართა კობახიძემ დოლიძეს.

ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ანა დოლიძე საჯარო მოხელეა და პოლიტიკოსებზე არ უნდა ისაუბროს.

ამასთან, კობახიძემ სესიის განმავლობაში ანა დოლიძის მიმართ რამდენჯერ გამოიყენა მიმართვის ფორმად "ბატონო გიორგი".

კომენტარები