წიგნები

ზაფხულში წასაკითხი წიგნების სია

0 კომენტარი

ალბათ, არაერთხელ შეხვედრიხართ სტატიებს მსგავსი სათაურებით "რა წავიკითხოთ ზაფხულში?", "ზაფხულში წასაკითხი წიგნები", "პლაჟზე წასაკითხი წიგნები" და ა.შ. მრავალი ვარიაციით. 

სინამდვილეში კი, სამყაროში არ არსებობს ისეთი წიგნები, რომლებიც სპეციალურად ზაფხულში, სპეციალურად ზღვის პირას, პლაჟზე უნდა წაიკითხოთ. შესაძლოა, ვინმე შემოგვედაოს, ხომ არსებობს წიგნები, რომელთა სიუჟეტებიც სწორედ წელიწადის ამ ულამაზეს სეზონზე ვითარდება და, შესაბამისად, თემატურად უფრო ახლოს დგას ზაფხულთან, თუმცა ამაზე პასუხად გეტყვით, რომ კითხვის მთელი სიამოვნება სწორედ იმაშია, -7 გრადუს ყინვაში ზაფხულზე რომ წაიკითხავ წიგნს და ისე დაიკარგები სიუჟეტში, რომ გარეთ გახედვისას გაგიკვირდება კიდეც, ნეტა რატომ თოვსო? 

აუცილებლად ზაფხულში წასაკითხი წიგნები მხოლოდ ისინია, რომელთა გამოცემაც თქვენს შვებულებას ან არდადეგებს ემთხვევა. 

მაშ ასე, გთავაზობთ იმ წიგნების სიას, რომლებსაც ქართველი გამომცემლობები ამ ზაფხულს შემოგვთავაზებენ: 

ედგარ ალან პო - ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი

"ნანტაკეტელი ახალგაზრდა კაცი, არტურ გორდონ პიმი, ბრიგ „გრამპუსის“ ტრიუმში იმალება, რათა ამ ხომალდით სამხრეთის ზღვებში იმოგზაუროს. მაგრამ მეზღვაურები გემზე ამბოხებას მოაწყობენ. სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ოთხი კაციღა რჩება ცოცხალი. შტორმი თითქმის გაანადგურებს გემს და ისინი აბობოქრებულ ოკეანეში რჩებიან მშიერ-მწყურვალნი და ზვიგენებით გარშემორტყმულნი. განწირულ ზღვაოსნებს სამხრეთ პოლუსისკენ მიმავალი გემი გადაარჩენს,"- წერს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

მარსელ პრუსტი - სვანის მხარეს 

"პრუსტის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ძირითადად იმპრესიონისტულია, მეცხრამეტე საუკუნის რეალიზმის ეპოქაში დამკვიდრებული რომანის პრინციპებს დაუპირისპირდა. მწერალი პორტრეტის ხატვისას არ ცნობს ადამიანის პიროვნების განსაზღვრაში სოციალურ ფაქტორს. პრუსტი ფროიდის ფსიქოანალიზს ეყრდნობა. მის ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას სრულებით არ არის დაცული დროის თანმიმდევრობა. მწერალი ცდილობს, ადამიანის ფსიქოლოგიისა და ინტელექტის კანონებს ახსნა მოუძებნოს,"- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

აიზეკ აზიმოვი - დასაბამი

"სერია "დასაბამის" პირველი წიგნი აიზეკ აზიმოვის "დასაბამი" იქნება. ის პირველია იმ სამი წიგნიდან, დაახლოებით 30 წლის მანძილზე "დასაბამის ტრილოგიის" სახელით რომ იყო ცნობილი. შემდგომ ავტორმა სერიას ოთხი წიგნი შემატა და პირველი "დასაბამი" ამ სამყაროს ქრონოლოგიაში მესამე წიგნი გახდა,"- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა/

მილან კუნდერა - უმნიშვნელობის ზეიმი

"ძნელი არ არის, აღაზევო მნიშვნელოვანი, მილან კუნდერამ უმნიშვნელო აზეიმა!" - ასე შეაფასა ფრანგულმა კრიტიკამ ჩეხი ფრანგულენოვანი მწერლის ბოლო ნაწარმოები. კუნდერამ 2014 წელს ცხრაწლიანი დუმილი დაარღვია და რომანი "უმნიშვნელობის ზეიმი" გამოაქვეყნა,"- წერს დიოგენეს გამომცემლობა.

სიუ მონკ კიდი - ფუტკრების იდუმალი ცხოვრება

"ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“  2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს,"- დიოგენე. 

ფენი ფლეგი - შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე "უისელ სტოპში"

"ფენი ფლეგის რომანს „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე "უისელ სტოპში" ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები - ადამიანის უფლებები, უმცირესობები, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება,"- გამომცემლობა "წიგნები ბათუმში".

ბრენდონ სანდერსონი - ნილსქმნილი

ბრენდონ სანდერსონის "ნისლქმნილის" ტრილოგია, რომელიც დამსახურებულად მიიჩნევა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ფენტეზის ჟანრში, სრულიად ახალ, ლითონების მაგიას გაგაცნობთ. "უკანასკნელი იმპერია" ტრილოგიის პირველი წიგნია,"- გამომცემლობა "წიგნები ბათუმში".

სუზანა კეისენის - გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს

"ალბათ, ყველას გვაქვს კითხვები ჩვენს ცხოვრებასთან. ალბათ, ყველას გვაქვს შიშები, რომელთათვისაც თვალის გასწორება არ გვინდა. ალბათ, ყველას გვიფიქრია, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო, თუკი საკუთარ თავს ხელს გავუშვებდით და უფლებას მივცემდით, გონების ყველაზე ბნელ კუნჭულებში ჩაეღწია. სუზანა კეისენის "გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს" სწორედ ის წიგნია, რომელიც მკითხველს ყველა გასაქცევ გზას უჭრის და სიმართლეს მშვიდი, სასტიკი ტონით უყვება. აქ ჩვენი ალტერნატიული ცხოვრებაა, ყველა იმ ადამიანის, ვისაც ოდესმე მაინც უფიქრია, რომ ის, რაც მის თავს ხდება, შეიძლება, სულაც არ იყოს სხვების რეალობაც. "გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს“ სასოწარკვეთის, გადარჩენის, საკუთარი თავისგან გასვლისა და დაბრუნების, და ყველაზე უცნაური მეგობრობის ნამდვილი ამბავია, ამბავი, რომელსაც სხვა წიგნის ფურცლებზე ვერ ამოიკითხავთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სუზანა კეისენის ალტერნატიულ სამყაროში!" - გამომცემლობა "წიგნები ბათუმში.

ზემოთ ჩამოთვლილი წიგნები, ცხადია, მხოლოდ ნაწილია წიგნების ქართულ ბაზარზე არსებული სიახლეებისა. უფრო ვრცელი სიისთვის ეწვიეთ გამომცემლობების Facebook გვერდებს. 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
დიოგენე
გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები