მაიკ პენსის ვიზიტი

ილია II-მ მაიკ პენსს დონალდ და მელანია ტრამპებთან ოქროს სამაჯური და ჯვარი გაატანა

პატრიარქი ილია მეორე

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქმა მაიკ პენსსა და მის მეუღლეს საჩუქრები გადასცა. ილია მეორემ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს მისივე ხელმოწერილი ოქროს სამაჯური, ხოლო კარენ პენსს - თამარ მეფის ჯვრის ასლი აჩუქა. საქართველოს პატრიარქმა მაიკ პენსს ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი დონალდ და მელანია ტრამპებისთვისაც გაატანა.

„ვიცე პრეზიდენტმა ძალიან დიდი პატივისცემით უპასუხა საქართველო პატრიარქს, რომ ის პირადად გააკეთებდა ამას და პირადად გადასცემდა პატრიარქის საჩუქრებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და პირველ ლედის,“ - თქვა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და აღნიშნა, რომ "ვიცე პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა, ენახა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ასევე ზუსტი ასლი ივერონის ყოვლადწმინდა ხატისა... ასევე, საშუალება გვქონდა, გვეჩვენებინა მისთვის წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ იხსნება. პატრიარქმა გადაწყვიტა, სტუმრის საპატივსაცემოდ გაეხსნა და მისთვის ეჩვენებინა".

გიორგი ზვიადაძის თქმით, „ვიცე პრეზიდენტმა გამოხატა ძალიან დიდი პატივისცემა და მოწიწება იმ სიწმინდეების მიმართ, რაც არის დაცული სიონის ტაძარში". 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მან პრემიერმინისტრგიორგი კვირიკაშვილთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა და საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. მაიკ პენსი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

კომენტარები