ძაღლის წამება

"არა სუსტზე ძალადობას" - რუსთავის პოლიციის შენობასთან აქცია გაიმართება

რუსთავში, პოლიციის შენობასთან, დღეს გაიმართება აქცია სახელწოდებით - "არა სუსტზე ძალადობას - დაისაჯოს მკვლელი". აქციის ორგანიზატორია ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "ცხოველთა მეგობრები“. ისინი მეგობრობის გამზირზე მამაკაცის მიერ ძაღლის სასტიკად მოკვლის ფაქტს გააპროტესტებენ და სამართალდამცველებისგან დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. 

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც დაბმული ძაღლი ლურსმნიანი ძელით მოკლა, ბრალი გუშინ წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ტ-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემა დაბმულ ძაღლს. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია" - აცხადებს პროკურატურა.

უწყებამ სასამართლოს უკვე მიმართა და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო მოითხოვა. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე. 

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები