თვითმმართველობის არჩევნები 2017

ვაშაძის ინიციატივით, არჩევნებისთვის 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა

თვითმმართველობის არჩევნების წინ 4 ოპოზიციური პარტია - ახალი საქართველო, ახალი ერთობა, ევროპელი დემოკრატები და სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის - გაერთიანდა. 

ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს, მამუკა გამყრელიძეს, პაატა დავითაიასა და ზურაბ ხარატიშვილის, გაერთიანებისკენ ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოუწოდა. 

გაერთიანებულმა პარტიის ლიდერებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ითქვა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ღრმა სტაგნაციაში შეიყვანა. ამასთან, თითოეული დღე უფრო და უფრო მეტად ამძაფრებს კრიზისს. მათი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები იძლევა შანსს, შევცვალოთ არაფორმალურ მმართველობაზე დამყარებული ხელისუფლება.

"ცხადად ჩანს, რომ ქართული ოცნება, ხელისუფლების შესარჩუნებლად, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ასეთ პირობებში, გათითოკაცებული ოპოზიციისათვის განსაკუთრებულად რთული იქნება სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება,"- ნათქვამია საერთო განცხადებაში. 

მათი თქმით, მნიშვნელოვანია პროდასავლური ოპოზიციური ელექტორატის კონსოლიდაცია და მობილიზაცია საერთო მიზნის მისაღწევად. 

"ჩვენი ამოცანაა არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა! აქ წარმოდგენილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, ვერთიანდებით საერთო ამოცანის გადასაწყვეტად. გამოვდივართ რა პრინციპიდან “ძალა ერთობაშია”:

მოვუწოდებთ პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს, გავერთიანდეთ დემოკრატიული პრინციპების გარშემო და მაქსიმალურად ღია და კონკურენტული გზით (პრაიმერით) ავირჩიოთ მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატები!" - წერია განცხადებაში.

კომენტარები